20 აპრილი 2024,   05:34
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვალ პარლამენტში ელოდებიან - ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვალ პარლამენტში ელოდებიან. გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში კითხვებზე საპასუხოდ საკუთარი სურვილით მიდის. უახლოეს პერიოდში პრემიერი დეპუტატებთან შეხვედრას კიდევ ორჯერ აპირებს - 29 მაისს, ინტერპელაციის წესით და ივნისში, რასაც რეგლამენტი ითვალისწინებს.

პრემიერის გადაწყვეტილებას, ინტერპელაციის წესით მისვლამდე პარლამენტში რამდენიმე დღით ადრე მივიდეს, ოპოზიცია პიარკამპანიის ნაწილად თვლის და მწვავე კითხვებისთვის ემზადება. შეკითხვები მომზადებული აქვს უმრავლესობასაც.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივნის რომან გოცირიძის განცხადებით, ერთი-ერთი ყველაზე მარტივი და ყველასთვის გასაგები კითხვაა, თუ რატომ არის საქართველო შიმშილის ინდექსით მძიმე მდგომარეობაში და რატომ გვისწრებენ ჩვენი მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნები.

"ერთი ყველაზე მთავარი და ყველასთვის გასაგები კითხვაა, რა დამართეთ ქვეყანას, რა დღეში ჩააგდეთ ხალხი? სად არის ეკონომიკის გეგმა და არის თუ არა რაიმე ოდნავი მაინც მონახაზი, რომ ამ ურთულესი ვითარებიდან გამოვიდეს ქვეყანა. რატომ არის საქართველო შიმშილის ინდექსით საშინელ მდგომარეობაში, ჩვენი მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნები რატომ გვისწრებენ?" - განაცხადა რომან გოცირიძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, კითხვებს შორის არის ისიც, თუ როგორ აპირებს პრემიერ-მინისტრი ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანას. სერგი კაპანაძის თქმით, მათ მიერ წარმოდგენილი გეგმა ელემენტარულ კრიტიკას ვერ უძლებს.

"პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მოსვლასთან დაკავშირებით საქართველოს ბევრი კითხვა დაუგროვდა. კითხვები, რომლებიც ეხება იმას, თუ როგორ აპირებს პრემიერ-მინისტრი გამოიყვანოს ამ ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყანა იმიტომ, რომ მათ მიერ წარმოდგენილი გეგმა ელემენტარულ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ კონკრეტული წინადადებები დავაყენეთ, ამაზე პასუხი არ მიგვიღია. მათ შორის არც გადასახადების შემცირებაზე, არც საპენსიო დაგროვილი თანხების ადამიანებისთვის უკან დაბრუნებაზე და ამ ყველაფერზე ვაპირებთ, რომ პრემიერ-მინისტრს დავუსვათ კითხვები," – აცხადებს სერგი კაპანაძე.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის თქმით, ოთხშაბათს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს ანგარიშს წარუდგენს, თუ რა ღონისძიებები გატარდა COVID-19-ის წინააღმდეგ.

"როგორც კი დასრულდა საგანგებო მდგომარეობა და გვაქვს დადებითი დინამიკა, პრემიერ-მინისტრმა მომართა საქართველოს პარლამენტს და თავისი ინიციატივით ოთხშაბათს წარადგენს ანგარიშს, თუ რა ღონისძიებები გატარდა COVID-19-ის წინააღმდეგ. ეს არის ნამდვილად მაღალი პასუხისმგებლობის გამოვლენა და მე ვფიქრობ, საზოგადოებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები