გიორგი გახარია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს საკუთარი ინიციატივით ანგარიშს ჩააბარებს იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. პარლამენტი მწვავე პოლიტიკური დისკუსიის მოლოდინშია, ოპოზიციას აქვს კრიტიკული კითხვები, რომლებიც ძირითადად ქვეყნის ანტიკრიზისულ გეგმას ეხება.
"მთავარი შეკითხვა საქართველოს მთავრობის მიმართ, რაც პირველ რიგში აწუხებს საზოგადოებას ეს არის სატელევიზიო კეკლუცობის ნაცვლად, როდის გაუსწორებენ თვალს იმ უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებას და როდის შემოგვთავაზებენ რეალურ საგანგებო ბიუჯეტს," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის მთავარი კითხვაც ანტიკრიზისულ ბიუჯეტს ეხება:
"პანდემიის პირობებში ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლება შეხვდა ყველაზე მოუმზადებლად რეგიონში და არა მარტო რეგიონში. პრემიერისთვის მთავარი შეკითხვა იქნება, როდის მოიტანს ბიუჯეტს და აპირებს თუ არა ბიზნესისათვის რაიმე დახმარების გაწევას," - განაცხადა რომან გოცირიძემ.
დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ის ისეთი კითხვების დასმას აპირებს, რომელზე პასუხებსაც ხელისუფლება გაურბის.
მმართველო გუნდის განცხადებით, მთავარი კითხვები სამომავლო გეგმებზე და ხედვებზე იქნება და ასევე კითხვები იქნება სიღარიბის თემასთან დაკავშირებითაც.