20 აპრილი 2024,   05:16
ვრცლად
არ ყოფილა არც ერთი ადამიანი, ვინც იყო ინფიცირებული და არ მიეღო სტაციონარული მკურნალობა, ამიტომ არის ლეტალური მაჩვენებელი ასეთი დაბალი - პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობები შეაფასა. გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ერთდროულად რამდენიმე ასეული ინფიცირებულის ეფექტურად მართვა შეუძლია. პრემიერის თქმით, ეს მნიშვნელოვანი ფაქტია როგრც საზოგადოების ინფექციისგან გადასარჩენად, ასევე ეკონომიკის ეფექტური გახსნისათვის.

"ჯანდაცვის სისტემა ჩვენ რომ შევადაროთ როგორ მდგომარეობაში იყო მაშინ, იანვარში, როდესაც ეპიდემიის პირველი რისკები გამოჩნდა და როგორ მდგომარეობაში არის დღეს - ეს არის ცა და დედამიწა. 

დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სისტემას შეუძლია ეფექტურად მართოს რამდენიმე ასეული ინფიცირებული. ამას აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადავარჩინოთ, არამედ იმისთვისაც, როგორ ეფექტურად ჩვენ შევძლებთ ეკონომიკის გახსნას.

საბოლოო ჯამში, გლობალური კონკურენცია სწორად ამ სივრცეში განვითარდება, ეკონომიკურ სივრცეში და გამარჯვებულები პანდემიასთან ბრძოლაში იქნებიან ქვეყნები, რომლებიც შეძლებენ როგორც ჯანმრთელობის დაცვას თავიანთი მოქალაქეების, ასევე ეკონომიკის განვითარებას. ამიტომ ჩვენთვის უკიდურესი მნიშვნელობა აქვს როგორ იფუნქციონირებს ჯანდაცვის სისტემა," - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში არ ყოფილა არც ერთი ადამიანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ან ეჭვქვეშ იყო და არ მიეღო სტაციონარული მკურნალობა. გიორგი გახარიას თქმით, სწორედ ეს გახდა იმის საწინდარი, რომ ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების ასეთი დაბალი მაჩვენებელია.

"საქართველოში არ ყოფილა არც ერთი ადამიანი, ვინც იყო ინფიცირებული, დაუდასტურდა, ან არსებობდა ეჭვი, რომელსაც არ მიეღო სტაციონარული მკურნალობა. ბევრმა სისტემურმა ჩვენზე უფრო ძლიერმა სახელმწიფომ ეს ვერ შეძლო. უამრავი მაგალითი იყო ევროპაში, როდესაც ინფიცირებულ ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ დარჩით სახლში და იმკურნალეთ სახლის პირობებზე და ამან რა შედეგები გამოიღო ყველა კარგად ვხედავდით,

ეს არის ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იმის, თუ რატომ გვყავს ჩვენ სწრაფად გამოჯანმრთელებულების ამდენი რაოდენობა და რატომ არის ლეტალური კოეფიციენტი ჩვენთან ასეთი დაბალი," - აცხადებს გიორგი გახარია.

დღის ამბები