20 აპრილი 2024,   08:44
ვრცლად
მოხსენებამ გვაჩვენა, რომ მთავრობას არ აქვს არავითარი გეგმა კრიზისიდან გამოსასვლელად - პრემიერის ანგარიშს ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს

პრემიერის სამთვიან ანგარიშს ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. მათი განცხადებით, გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი გეგმა პანდემიის ფონზე დაზარალებულ მოსახლეობას და ბიზნესს პრაქტიკულად ვერ დაეხმარება.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მთავრობას არ აქვს სწორი სტრატეგია კრიზისიდან გამოსასვლელად და დახმარებას, რომელიც ანტიკრიზისული გეგმით არის გათვალისწინებული, დამცინავია.

რაც შეეხება დამოუკიდებელ დეპუტატებს, მათი თქმით, კიდევ ბევრ კითხვაზე დარჩა პასუხი გასაცემი, მათ შორის, როგორ გაგრძელდება მუშაობა მომავალში ტურიზმის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

"მოხსენებამ გვაჩვენა, რომ მთავრობას არ აქვს არავითარი გეგმა კრიზისიდან გამოსასვლელად. ეს არის სამწუხარო და სავალალო სურათი. ამ ხელისუფლების პირობებში ვერც მოსახლეობა მიიღებს რაიმე ხელშესახებ დახმარებას და ვერც ეკონომიკა შეძლებს ამ კრიზისული ჭაობიდან ამოსვლას," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.

"მთავრობამ უთხრა ბიზნესს, რომ არ აპირებს გადასახადების შემცირებას, არ აპირებს რეალური ნაბიჯების გადადგმას. თვითდასაქმებულებს დახმარების მისაღებად დასჭირდებათ რაღაც ქაღალდების მიტანა. ასევე, ვინც სამსახური დაკარგა მიეცემა არა ხელფასის მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ 200 ლარიანი დამცინავი დახმარება," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატისთვის, დიმიტრი ცქიტიშვილისთვის გაუგებარია, თუ როგორ გამოიყვანს კრიზისიდან ქვეყანას ხელისუფლება.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის მარიამ ჯაშის შეფასებით კი, პრემიერმა დეპუტატების კითხვებს გარკვეულ კითხვებზე პასუხი გასცა და მნიშვნელოვანია ამოქმედდეს სოციალური დახმარება.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას შეფასებით კი, პრემიერისგან საგნობრივი მსჯელობები წარმოდგენილი არ იყო.

პრემიერს 29 მაისს საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთხელ, ახლა უკვე ინტერპელაციის წესით ელოდებიან.

დღის ამბები