13 ივლისი 2020,   21:06
ვრცლად
ზურაბ ჭიაბერაშვილი ოპოზიციის კრიტიკაზე ხელისუფლების პასუხს პოლიტიკურ უსინდისობას უწოდებს

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საქართველოში სიღარიბის გამო ბავშვების კვებისა და ჯანდაცვის პრობლემა მწვავედ დგას და ეს გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევიდანაც დასტურდება, რომელიც გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. ჭიაბერაშვილი ბავშვთა სიღარიბესთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკაზე ხელისუფლების პასუხს პოლიტიკურ უსინდისობას უწოდებს და თარიღებით მანიპულირებაში ადანაშაულებს. აღნიშნული განცხადება საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა საკანონმდებლო ორგანოში პრემიერის ინტერპელაციის წესით სტუმრობისას გააკეთა.

"უსინდისობის მაგალითია, როდესაც დღეს თქვენ იმის ნაცვლად, რომ ხალხს უთხრათ, დღეს რა პრობლემებიცაა, როგორ უნდა გადაიჭრას, ისევ გადადიხართ პოლიტიკურ დისკუსიაში, რა იყო 2012-ში და რა არის დღეს. ჩვენ მოქალაქეებს ეს არ სჭირდებათ, სჭირდებათ ახსნა, როდესაც 6 თვიდან 2 წლამდე ბავშვების მესამედს არ ჰქონდა საკვები კორონა კრიზისამდე, რას აკეთებდა "ქართული ოცნება" 8 წლის განმავლობაში,"- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" წევრის თქმით, ორი დღის წინ პრემიერის პარლამენტში გამოსვლას ლაიტმოტივად გასდევდა ის, რომ ხელისუფლებას ჯანდაცვის სისტემის იმედი არ ჰქონდა და ამიტომ ქვეყნის ჩაკეტვის უფრო მკაცრი ზომების მიღება მოუწია. ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინტერესდა, რას აპირებს ხელისუფლება იმ ბავშვების დასაცავად, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში იყვნენ კრიზისამდეც და ეკონომიკის ასეთი ჩაკეტვის შემდეგ ახლა მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა:

"13 მაისს ჟურნალ "ლანცეტში" გამოქვეყნდა ჰოპკინსის უნივერსიტეტისა და გაეროს ბავშვთა ფონდის  მოდელირების შედეგები, რომელიც ამბობს, რომ მომდევნო 6 თვის განმავლობაში იმის გამო, რომ საკვების მიწოდების და ჯანდაცვის და სოციალური სერვისების ჯაჭვი ჩაწყდა, განვითარებად ქვეყნებში 1.2 მილიონი ბავშვი დაიღუპება. რა თქმა უნდა, უდიდესი ნაწილი ალბათ მოვა ინდოეთზე, ნიგერიაზე ან ბრაზილიაზე, მაგრამ რას ვეუბნებით ბავშვებს, რომლებიც საქართველოში უკვე იყვნენ სიღარიბეში და დღეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან," - მიმართა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრემიერის. ასევე მისი თქმით, არაფერი მოუსმენია არც პრემიერისა და არც ჯანდაცვის მინისტრისგან, რა ხდება შშმ ბავშვებისთვის აუცილებელი სერვისების მიწოდების კუთხით.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ასევე შეეხო სანიტარული ნორმების და ჰიგიენის დაცვის მხრივ არსებულ მდგომარეობას და გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემი მოიყვანა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ იარაღად სწორედ ჰიგიენური ნორმების დაცვა მიიჩნევა, საქართველოს საჯარო სკოლებში კატასტროფული მდგომარეობაა. მისი თქმით, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს საჯარო სკოლების 26%-ში არ არის სუფთა სასმელი წყალი, 26%-ში საერთოდ არაა საპირფარეშო, 40%-ში არაა დაცული სანიტარული პირობები, 88%-ში კი არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები, 27%-ში არაა ხელსაბანი.

"ეს წავიკითხე ტელევიზიის ეთერში 27 თებერვალს და ამ სამი თვის განმავლობაში რამდენი სანიტარული კვანძი მოეწყო და როგორია ტემპი იმისთვის, რომ სექტემბერში სასწავლო წელს შევხვდეთ მომზადებული?" - მიმართა ჭიაბერაშვილმა გიორგი გახარიას.

შეგახსენებთ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ამჯერად ინტერპელაციის წესით უსმენენ. დღეს გიორგი გახარია პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა დაიბარეს.

დღის ამბები