24 აპრილი 2024,   16:16
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" დროს ადამიანებს უკეთესი მომავლის იმედი ჰქონდათ - თინა ბოკუჩავა

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მიწვეულ გიორგი გახარიას "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყანა არ იმსახურებს არც ასეთ პრემიერს და არც მთავრობას:

"მე ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად, მე ვთვლი, რომ თქვენი ლოიალობა სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის მიმართ კი არ არის, აი ამ დროშის და გერბის მიმართ კი არ არის, თქვენი ლოიალობა იმ ქვეყნის მიმართ არის, რომლის წარმომადგენელიც თქვენმა ხელისუფლებამ ჩამოიყვანა საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის  სავარძელში მოათავსა. შემდეგ კი, ამის გაპროტესტებისთვის თქვენი დაგეგმილი სისხლიანი გეგმით დაასახიჩრა უამრავი ადამიანი.

ვთვლი, რომ ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ამას არ იმსახურებენ ჩვენი ახალგაზრდები. ისინი იმსახურებენ დასავლურ, ნორმალურ, კარგ მომავალს, თქვენ არ გიმსახურებენ, ბატონო გახარია, ჩვენი ახალგაზრდები. ჩვენი მომავალი თაობა თქვენ არ გიმსახურებთ, ეს კარგად დაიმახსოვრეთ. თქვენ ვერასდროს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და იმ მისამღერს ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს რომელიც თქვენ მოგიძღვნეს.

ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასევე არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა იმას, რომ ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობდეს და ამას ვერ ხედავდეს ძვირადღირებული, დაბურულშუშებიანი მანქანით გადაადგილებული პრემიერ-მინისტრი, თუ მისი მთავრობის წევრები. ასევე არ იმსახურებს იმას, რომ მსოფლიოს შიმშილის ინდექსით საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი შიმშილობდეს რეგიონში, ბატონო პრემიერო. ასევე არ იმსახურებს იმას, რომ სათამაშო მოედნად აქციოს ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა და თქვენ პაიკებად გამოგიყენოთ, თქვენც მათ შორის, ბატონო გიორგი, ისევე როგორც თქვენი მინისტრები პაიკებად გამოიყენოს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გამდიდრებისთვის.

აი, ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს კორუმპირებულ მთავრობას და როდესაც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრობთ, ბატონო გიორგი, და ჩვენს მმართველობაზე, გაიხსენეთ, რომ ჩვენს დროს, დიახ, 8 %-მდე იყო ეკონომიკური ზრდა. ჩვენს დროს ადამიანებს ჰქონდათ უკეთესი მომავლის იმედი და დღეს 4 %-მდეც კი არ არის ეკონომიკური ზრდა. სწორედ ეს ახსენეს. იმიტომ ხდება, რომ ბიუჯეტს ხრავთ, ბიუჯეტს ჭამთ, სახლში მიგაქვთ ქვეყნის ბიუჯეტი. ამიტომ ხდება ეს, გადახედეთ თქვენს ქონებას. სოციალურად დაუცველებად მოდიან მინისტრები და ბიუროკრატები, მილიონრებად მიდიან მთავრობიდან. როგორ ხდება ეს, შეხედეთ თქვენს საცხოვრებელ სახლებს, თქვენს მანქანებს, როგორ ცხოვრობთ თქვენ, თქვენი ახლობლები და შეხედეთ დანარჩენ მოქალქეებს, ნახავთ განსხვავებას. მერე აღარ დაგვიმტკიცებთ, ბატონო გიორგი, რომ ამ ქვეყანაში სიღარიბე არ არსებობს. მაშინ, როცა მოსახლეობის 69 % ცხოვრობს სიღარიბეში. ეს არის რეალურად სიმართლე.

თქვენმა გუშინდელმა გამოსვლამ, ბატონო გიორგი, ასევე გამახსენა შევარდნაძის დრო, როდესაც იმდენად შესისხლხორცებული ჰქონდათ ზოგ ზოგიერთს კორუფცია, რომ ამას რაღაც კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებდენენ. ეს გვითხარით გუშინ სწორედ, რომ ის, რაც საქართველოს კანონმდებლობით ისჯება, პატიმრობით 3-დან 9 წლამდე, თქვენ ქართულ ჯიგრულ პონტად დაახასიათეთ. ქართულ ჯიგრული პონტია ალბათ ისიც, რომ ტენდერებს ყოველთვის როგორღაც სწორედ ის ჯიგრები იგებენ, რომლებიც დაკავშირებულები არიან "ქართულ ოცნებასთან,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ამჯერად ინტერპელაციის წესით უსმენენ. დღეს გიორგი გახარია პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა დაიბარეს.

დღის ამბები