13 ივლისი 2020,   06:52
ვრცლად
კლინიკა "მედალფას" ექიმებს 47 წლის მამაკაცის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ

გვენეტაძების ოჯახი ექიმებს 47 წლის მამაკაცის გარდაცვალებაში ადანაშაულებს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში მცხოვრებმა კლინიკა "მედალფას" 23 აპრილს ძაღლის ნაკბენითა და ლავიწის ძვლის მოტეხილობით მიმართა.

პაციენტს ტეტანუსის აცრა გაუკეთდა, მეორე დღეს კი ოპერაცია დაინიშნა. სამედიცინო ჩანაწერის მიხედვით, მამაკაცს ოპერაციის დაწყებამდე, ნარკოზის გაკეთებისთანავე, გული გაუჩერდა. ექიმებმა კახა გვენეტაძის დასტაბილურება დროებით შეძლეს და ის ჯერ ბათუმის კლინიკაში, შემდეგ კი თბილისში, ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახი ეჭვობს, რომ ტეტანუსის აცრის გაკეთება სინჯის გარეშე, ნარკოზის კი - არასათანადოდ მოხდა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

"გამიშვეს აფთიაქში და მომატანინეს ტეტანუსი. მიმღებში გაუკეთეს ჩემს ქმარს ტეტანუსი, არანაირი სინჯი არ გაუკეთებიათ კახასთვის, იქ ვიყავი მე. კახა მისი ფეხით შევიდა საოპერაციოში. როგორც შემდეგ გამოვიდა ინფორმაცია, ნარკოზის გაკეთება და კახას გულის გაჩერება ერთი ყოფილა. დამნაშავეები დაისაჯოს, სიმართლეა ჩემი მოთხოვნა," - აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე სოფიო ჟღენტი. 

კლინიკა "მედალფას" კლინიკური მენეჯერი ვახტანგ გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ მომხდარში გასარკვევად გამოძიების პასუხებს უნდა დაელოდონ. 

"უნდა გაირკვეს ყველა ეტაპზე, ბათუმში, თბილისში, სად რა გაკეთდა, რატომ გაკეთდა და, საერთოდ, რა იყო ძირითადი დიაგნოზი. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას არც ჩვენ გავექცევით, უბრალოდ, გული გვწყდება, რომ საბოლოო დიაგნოზი ჩვენ მაინც არ ვიცით. ის, რაც ჩვენთან მოხდა, ეს არის ცუდი, მაგრამ დანაშაულის კვალი რამდენად არის ამაში, ეს მივანდოთ უკვე, ვისაც ამის გამოძიება ეხება,"- განაცხადა ვახტანგ გაჩეჩილაძემ.

დღის ამბები