13 ივლისი 2020,   04:34
ვრცლად
"ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის" - ნათია თურნავამ "შუახევი ჰესი" მოინახულა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აჭარის მთავრობის მეთაურთან ერთად "შუახევი ჰესის" კასკადი მოინახულა და მის მუშაობას გაეცნო. "შუახევი ჰესი" სამი თვის წინ შევიდა ექსპლუატაციაში. მისგან გამომუშავებული ელექტროენერგიით ყოველწლიურად 200 ათასი ტონით სასათბურე აირის გამოფრქვევის გარემოში შემცირება მოხდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებას.

ნათია თურნავას განცხადებით, "შუახევი ჰესი" ბოლო 70 წელიწადში ყველაზე მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტია, რომელიც საქართველოში განხორციელდა.

"შუახევი ჰესის" კასკადი, რომლის ჯამური სიმძლავრე არის 187 მეგავატი, ბოლო 70 წელიწადში ყველაზე მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტია, რომელიც შევიდა საქართველოში ექსპლუატაციაში. გარდა იმისა, რომ ის არის ჩვენი, ადგილობრივი წარმოების მწვანე ენერგია, რომელსაც ჰიდროსადგური აწვდის ბაზას, აქ ხდება ადგილობრივი ადამიანების დასაქმება,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ პროექტი მნიშვნელოვანია ადგილობრივების დასაქმების კუთხითაც.

"ეს არის ჩვენი ენერგეტიკული სექტორის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის და, ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის სარგებელი, რომელიც მოუტანა ჩვენს მუნიციპალიტეტებს, ჩვენს რეგიონს და დარწმუნებული ვარ, ასეთი პროექტების განხორციელებით ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოდამოუკიდებლობა,"- განაცხადა თორნიკე რიჟავაძემ.

დღის ამბები