16 აპრილი 2024,   14:46
ვრცლად
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსი უკვე 6,6 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსი უკვე 6,6 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ფატალური შემთხვევების რიცხვი კი 389,000-ს აღწევს.

ვითარება მძიმეა საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც, სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა "ფეისბუკ" ლაივის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში ათასობით ასიმპტომური პაციენტია, რომლებმაც არ იციან, რომ ინფიცირებულები არიან.

რუსეთში კი ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 831 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 441 108-მდე გაიზარდა, ქვეყანაში COVID-19-ისგან, კიდევ 169 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 5 384-ს მიაღწია.

პანდემიის გავრცელებამ პიკს მიაღწია სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, ბრაზილიაში COVID-19-ის 587,000 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 33,000-ს აღწევს.

მექსიკა კი მე-14 ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობა 100 000-ს აჭარბებს. ბოლო ერთ დღეში გარდაიცვალა 1 092 ადამიანი. ინფიცირების შემთხვევების მიხედვით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც კორონავირუსი 1,900,000-ზე მეტ პაციენტს დაუდგინდა, მათ შორის 109,000 გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ქვეყნის 50 შტატში COVID ინფიცირების 2 200-მდე შემთხვევა გამოვლინდა, ლეტალურად დასრულდა 34 პაციენტის სიცოცხლე.

დღის ამბები