20 აპრილი 2024,   12:23
ვრცლად
გვეღირსა ბიუჯეტი, მაგრამ ეს დაგვიანებული და უკან მიდევნებული ლამპარია - რომან გოცირიძე

2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტს ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს დღეს წარუდგენს, მომდევნო კვირიდან კი მისი საკომიტეტო განხილვები დაიწყება. ეს ის პროექტია, რომელსაც ოპოზიცია მთავრობისგან უკვე დიდი ხანია მოითხოვს.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის წარდგენა დაგვიანებულია. 

"როგორც იქნა გვეღირსა ბიუჯეტი, მაგრამ ეს არის დაგვიანებული, ეს არის უკან მიდევნებული ლამპარი. ჩაიარა საგანგებო მდგომარეობამ, ხალხი მშიერია, უმუშევრად არის დარჩენილი და სულ 3 დღის წინ დაიწყეს რაღაც ძალიან მწირი დახმარებების დარიგება მოქალაქეებისთვის. ძალიან სწყინს მთავრობას, როცა ვამბობთ, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც პანდემიის პირობებში მოსახლეობაში ფული არ დაარიგა,"- განაცხადა გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის ასამუშავებლად ბიუჯეტის გადალაგება საკმარისი არ არის და გადასახადების დაწევა აუცილებელია. 

"შესაძლებელია, დღეს ბიუჯეტის მნიშვნელოვანი გადალაგების და უფრო ყაირათიანი ხარჯვის პირობებში ბევრი რამ, რაც ჩვენს ხალხს სჭირდება ადგილობრივად, ჩვენივე გადახდილი გადასახადებით დაფინანსდეს. მაგრამ, იმისათვის, რომ ეკონომიკა ამოიქაჩოს, ამას გადასახადების შემცირება სჭირდება, რასაც, სამწუხაროდ, მთავრობა არ აპირებს,"- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარება ბიუჯეტის დანაკლისის შესავსებად და ანტიკრიზისული პროგრამების დასაფინანსებლად გამოიყენება.  

"იმის გამო, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, იქნება ჩადებული ახალ, კორექტირებულ ვერსიაში მინუს 4%-იანი შემცირება მთლიანი შიდა პროდუქტის. ჩვენ, წლის განმავლობაში, გვაკლდება საბიუჯეტო შემოსავლების მილიარდ რვაასი ლარი. აქედან გამომდინარე, ვიღებთ დახმარებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, იმისათვის, რომ დავაბალანსოთ დანაკლისები ბიუჯეტში და დავაფინანსოთ ანტიკრიზისული პროგრამები,"- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კონკრეტულად, რა იცვლება ბიუჯეტში და რამდენად მისაღები აღმოჩნდება პროექტი კანონმდებლობისთვის - ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებების შეტანა "კოვიდ19-ის" წინააღმდეგ ბრძოლის, მისი საპრევენციო ღონისძიებებისა და ანტიკრიზისული გეგმიდან გამომდინარე გახდა საჭირო.

დღის ამბები