22 სექტემბერი 2021,   04:12
ვრცლად
"კორონავირუსს თავისი შესაძლებლობები სრულად არ გამოუვლენია და მსოფლიო უარესისთვის უნდა მოემზადოს" - რა მოხდება მეორე ტალღის შემთხვევაში

ბოლო ასწლეულის განმავლობაში ​პანდემიამ მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკური რეცესია გამოიწვია - ეკონომიკის აღდგენას, სულ მცირე, 2 წელი დასჭირდება, ასეთია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში. თუმცა, აღნიშნული ორგანიზაციის ანგარიშიდან ასევე ვიგებთ, რომ შესაძლოა, ვითარება კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდეს, თუკი მსოფლიოს პანდემიის მეორე ტალღა დაარტყამს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ყველაზე მძიმე ვითარება შეერთებულ შტატებში, ბრაზილიასა და რუსეთშია. მსოფლიოში კოვიდინფირებულთა საერთო რიცხვი 7 360 000-ს აღწევს, 415 000-ს მიაღწია ლეტალობის მაჩვენებელმა.

ამჯერად პანდემიის ეპიცენტრი სამხრეთ ამერიკის კონტინენტია - ყოველდღიურად ათასობით ახალი ინფიცირებული, ასობით გარდაცვლილი - ეს მძიმე სურათი ბრაზილიის, ჩილეს, მექსიკისა და პერუს ყოველდღიურობად იქცა.

სულ უფრო იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. ბოლო მონაცემებით, სომხეთში კიდევ 10 პაციენტი გარდაიცვალა და 428 დაინფიცირდა.

216-ით გაიზარდა ლეტალობის მაჩვენებელი რუსეთშიც. ქვეყანაში ბოლო მონაცემებით 500 000 ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა.

პანდემიის მეორე ტალღა ემუქრება ირანს, სადაც რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ ინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იმატა. ბოლო 24 საათში 2011 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 81 ადამიანი გარდაიცვალა. ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ რეგულაციების კვლავ დაწესების შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანას სრული ეკონომიკური რეცესია დაემუქროს.

გაერო, ევროკავშირი, მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ცენტრები ერთხმად აცხადებენ, რომ კორონავირუსს თავისი შესაძლებლობები სრულად არ გამოუვლენია და მსოფლიო უარესისთვის უნდა მოემზადოს. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ COVID-19 ყველაზე საშინელ ღამის კოშმარად იქცა.

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები