20 აპრილი 2024,   06:34
ვრცლად
ოთხი თვით დაპაუზებული ტურისტული სექტორი ხვალიდან ფუნქციონირებას იწყებს

პანდემიის გამო ოთხი თვით დაპაუზებული ტურისტული სექტორი ხვალიდან ფუნქციონირებას იწყებს. 15 ივნისიდან ქვეყანაში შიდა ტურისტული აქტივობა დასაშვები ხდება. ტურიზმის ასოციაციაში აცხადებენ, რომ პანდემიამდე ბაზარზე ასზე მეტი ტურისტული კომპანია ოპერირებდა, თუმცა შესაძლოა პირველ ეტაპზე მუშაობა მხოლოდ ნახევარმა შეძლოს. ასოციაციის წარმომადგენლების განმარტებით, შიდა ტურების დაშვების პარალელურად, სექტორის გადასარჩენად სახელმწიფოს დახმარება აუცილებელი იქნება.

ვიზიტორების მიღებას ხვალიდან ყველა ის სასტუმრო შეძლებს, ვინც კანონით განსაზღვრულ ჰიგიენურ ნორმებს იცავს. შიდა ტურიზმის ამოქმედება კოვიდკრიზისის დაძლევის რეალურ საშუალებად მიაჩნიათ კახეთში. რეგიონში სასტუმროების მეპატრონეების ნაწილი აცხადებს, რომ ნომრების უმრავლესობა მათთან უკვე დაჯავშნილია. 

შიდა ტურიზმის პოზიტიური ეკონომიკური შედეგების იმედი აქვთ იმერეთსა და აჭარაში მოქმედი სასტუმროების მფლობელებსაც, თუმცა ამბობენ, რომ ამ ფორმით მიღებული შემოსავალი მხოლოდ თანამშრომლების შენარჩუნებისთვის იქნება საკმარისი. ტურისტულად პოპულარულ რეგიონებში მიაჩნიათ, რომ ბიზნესსექტორის გადარჩენა მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრის გახსნაზე იქნება დამოკიდებული.

სხვა რეგიონებთან შედარებით შიდა ტურისტული სეზონის გახსნის მიმართ ნაკლები მოლოდინი აქვთ მცხეთაში. აქტიურ ტურისტულ ზონაში "კურიერთან" ყვებიან, რომ მათი შემოსავლების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოელ ტურისტებს უკავშირდება. შესაბამისად, საერთაშორისო ვიზიტორებზეა დამოკიდებული, გააგრძელებს თუ არა ათობით საოჯახო სასტუმრო არსებობას. 

ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ტურისტული სექტორის ამუშავება ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს. შიდა ტურიზმის შემდეგ, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილურობის შემთხვევაში, პირველი ივლისიდან საქართველო საერთაშორისო ვიზიტორებსაც მიიღებს.

დღის ამბები