14 ივლისი 2020,   17:08
ვრცლად
"ცვლილებების დამტკიცებას ოპოზიციის მონაწილეობით ექნებოდა სხვა პოლიტიკური წონა" - ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს

საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს საპარლამენტო ოპოზიცია. ოპოზიციის წევრების თქმით, მმართველმა გუნდმა დადებული ხელშეკრულება სრულად არ შეასრულა.

"ცუდია, რომ მისი დამტკიცება ხდება ოპოზიციის მონაწილების გარეშე. ოპოზიციის მონაწილეობით მას ექნებოდა სხვა პოლიტიკური წონა და კონსენსუსით მიღებული კონსტიტუცია იქნებოდა წინასაარჩევნო პერიოდში უფრო მეტი ნდობის აღმძრავი. იმ ნდობისა, რომელიც არ აქვს ჩვენ საზოგადოებას ხელისუფლების მიმართ. ვიცით რომ არჩევნები ქვეყანაში ტარდება გაყალბებით.

ხელისუფლებამ არ შეასრულა შეთანხმება, ეს იქნება სანახევროდ შესრულება იმ შეთანხმებისა, რომელიც დაიდო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.

ირაკლი აბესაძის თქმით, "ევროპული საქართველო" არ აპირებს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას. მისი შეფასებით, ხელისუფლებას პოლიტიკური ესკალაციის დასრულება სურს, თუმცა მეორეს მხრივ, საზოგადოებას ატყუებენ და 8 მარტის შეთანხმებას სრულად არ ასრულებენ.

"შეუძლებელია, ერთდროულად იყო გადამგდებიც და იმავდროულად, გსურდეს პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის ნორმალიზება," - აღნიშნა ლევან კობერიძემ.

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს უფრაქციო და დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერა ექნება.

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს. 

დღის ამბები