18 აპრილი 2024,   08:57
ვრცლად
აბაშიძის ქუჩის მოსახლეობა "კარფურის" ადმინისტრაციას პრეტენზიებს უყენებს და ფანჯრების ქვეშ მძლავრი კონდიციონერების დაკიდებას აპროტესტებს

აბაშიძის ქუჩის მოსახლეობა "კარფურის" ადმინისტრაციისგან კანონის დაცვას ითხოვს. 72 ნომერში მცხოვრებლები სავაჭრო ობიექტისგან მათი ფანჯრების ქვეშ დიდი რაოდენობით მძლავრი კონდიციონერების დაკიდებას აპროტესტებენ.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ირღვევა მცხოვრებლების უფლებები, რადგან კონდიციონერებისგან წამოსული ხმაურისა და სიმხურვალის გამო ქვედა სართულებზე ცხოვრება წარმოუდგენლი იქნება.

მოთხოვნის მიუხედავად, ფართის მეპატრონემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. შესაბამისი განცხადება უკვე შესულია მერიის ზედამხედველობის სამსახურსა და პოლიციაში. მოსახლეობა მზად არის სარჩელი სასამართლოშიც შეიტანოს.

ფართის მფლობელმა "კურიერის" ზარს არ უპასუხა, კარფურის ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ თუ პრობლემა მოსახლეობას ობიექტის გახსნის შემდეგაც ექნება - მას აუცილებლად მოაგვარებენ.

დღის ამბები