19 აპრილი 2024,   23:26
ვრცლად
ნეგატიური ეკონომიკური ზრდა - ოპოზიცია მმართველ გუნდს პანდემიის პერიოდში საკუთარ ინტერესებზე მორგებულ გადაწყვეტილებებში ადანაშაულებს

ქვეყანამ პანდემიური მაისი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -13,5%-იანი ეკონომიკური ზრდით დაასრულა. 2020 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელმა კი -5.4 % შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, შემცირებულია თითქმის ყველა სექტორი, თუმცა, მთავარი სფეროები, რომლებმაც ეკონომიკის ვარდნა გამოიწვია, მშენებლობა, ვაჭრობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესი აღმოჩნდა.

მაისის ეკონომიკური ვარდნა მთავრობისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. კლებას მმართველ გუნდში პანდემიით და COVID-19-ის გამო ეკონომიკური აქტივობის დროებითი შეჩერებით ხსნიან. ეკონომიკის მინისტრი წლის ბოლომდეც ნეგატიურ ეკონომიკურ ზრდას აანონსებს.

ის, რაც უმრავლესობისთვის ობიექტური მიზეზებითაა გამოწვეული, ოპოზიციისთვის ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის ბრალია. მმართველი გუნდის ოპონენტები "ქართულ ოცნებას" არაადეკვატური ნაბიჯების გადადგმასა და პანდემიის პერიოდში საკუთარ ინტერესებზე მორგებულ გადაწყვეტილებებში ადანაშაულებენ.

ბრალდებებს არ იზიარებენ უმრავლესობაში. მმართველ გუნდში პოლიტიკურ ოპონენტებს მთავარ არგუმენტად ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე ზრუნვას უპირისპირებენ.

ეკონომიკის ნეგატიური ზრდა პანდემიის ლოგიკური შედეგია ექსპერტებისთვისაც. ანალიტიკოსებისთვის ახლა მთავარი ისაა, რომ მომდევნო თვეებში ვარდნის ტენდენცია შემცირდეს. ექსპერტების შეფასებით, შესაძლებელი იყო, რომ რეგულაციები არ შეხებოდა სხვადასხვა სფეროს, მაგალითად, ონლაინვაჭრობას, თუმცა, ამბობენ, რომ ამ მიმართულებების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე მინიმალური იქნებოდა.

საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა ნეგატიური იქნება თითქმის მთელ მსოფლიოში. გამონაკლისებს შორის საქართველოც ვერ მოხვდება. პროგნოზის მიხედვით, წელი მინუს 4 %-იანი ზრდით დასრულდება.

დღის ამბები