25 აპრილი 2024,   12:55
ვრცლად
სოციალური აგენტები ხვალიდან გაფიცვას იწყებენ - EMC და კოალიცია "ღირსეული შრომისთვის" ჯანდაცვის სამინისტროს გულგრილობაში ადანაშაულებენ

სოციალური აგენტები ხვალიდან გაფიცვას იწყებენ. ისინი უმძიმეს შრომით პირობებს აპროტესტებენ და ხელისუფლებისგან რეაგირებას ელოდებიან.

მათ მხარდაჭერას უცხადებს EMC და კოალიცია "ღირსეული შრომისთვის". ისინი დღეს მედიისთვის სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავენ.

სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ სოციალური აგენტების მხრიდან გაფიცვის შესახებ წინასწარი გაფრთხილების მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროს ამ დრომდე არ დაუნიშნავს მედიატორი დავის მოსაგვარებლად და უარს აცხადებს მოლაპარაკებაში პროფკავშირის ჩართვაზე.  

"დაუშვებელია ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია შრომითი უფლებების დაცვაზე, პასუხისმგებელია სოციალური პარტნიორების დიალოგის ხელშეწყობაზე, არ უზრუნველყოფს ელემენტარულ ღირსეულ პირობებს საკუთარი დასაქმებულებისთვის და ხელს უშლის პროფკავშირულ საქმიანობას.

ჯანდაცვის სამინისტროს მოვუწოდებთ, რომ უზრუნველყოს მოლაპარაკებები სოციალურ აგენტებთან მათი წარმომადგენლობის ჩართვით. გარდა ამისა მოვუწოდებთ დააკმაყოფილონ სოციალური აგენტების სამართლიანი მოთხოვნები," - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა კოტე ერისთავმა.

დღის ამბები