საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამ თემაზე დაძაბულობას ოპოზიცია ხელოვნურად ქმნის.
"რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ 25 მეტრის დაშორებით კოორდინატორს შეუძლია დაჟინებული მზერით გავლენა მოახდინოს ამომრჩეველზე და ითხოვენ 500 მეტრს, რომელსაც საქართველოს ფართობი არ ეყოფა, თუკი ყველგან 500 მეტრი იქნება.
კოორდინატორებისა და ძალადობის გამოცდილება ჰქონდათ თვითონ. ამხელა რაოდენობაა მეთვალყურეების, მთელი მსოფლიო ყურადღებითაა საქართველოს მიმართ, რასაკვირველია, მათ ეს არ აწყობთ. არის კიდევ რაღაც ფინანსური ანგარიშგების აუცილებლობაზე მედიასაშუალებების, ამის ორგანიზებაც შეიძლება და არაფერი დაძაბულობა არ არის, თუ არ შექმნიან ხელოვნურად," - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელსაც პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია მხარს არ უჭერს.
დოკუმენტის განხილვა დაჩქარებული წესით ხდება. ცვლილებები პარტიების დაფინანსების ახალ მოდელს გულისხმობს, რომელიც პირდაპირ იქნება დამოკიდებული მიღებული ხმების რაოდენობაზე. ასევე, მკაცრდება რეგულაციები საარჩევნო უბნებთან კოორდინატორების ყოფნასთან დაკავშირებით. კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 91 დეპუტატის მხარდაჭერით გუშინ დაამტკიცა.