20 აპრილი 2024,   01:51
ვრცლად
ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის დიალოგის მთავარი საკითხი იყო

ევროკავშირის მხარე საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიესალმება. ევროკავშირის და მთავრობის წარმომადგენლებს შორის გამართული დიალოგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული რთული ვითარება იყო.

შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის გამო, რასაც მძიმე ჰუმანიტარული შედეგები მოჰყვა მთლიანად ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით პანდემიის დროს.

"პოზიტიურად შეაფასა ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა. გამოითქვა იმედი, რომ დარჩენილი პროცესი, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო კოდექსთან, ასევე წარმატებით დასრულდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. ხაზი გაესვა იმ წარმატებულ საქმიანობას, რომელიც საქართველომ პანდემიის პირობებში გაწია,"- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილის განცხადებით, დისკუსიისას მიმდინარეობდა მსჯელობა ისეთ საკითხზე, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრუქტურის გაუმჯობესება ქვეყანაში.

"დისკუსიისას ვიმსჯელეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრუქტურის გაუმჯობესება ქვეყანაში, მათ შორის ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს გაძლიერება, ასევე, ახალი ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის შემუშავება და ის მიღწევები, რაც უწყებათაშორისი თანამშრომლობით შევძელით 2019 წლის განმავლობაში," - განაცხადა ლელა აქიაშვილმა

მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსის ანა ბუჩუკურის განცხადებით, ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესის მნიშვნელობას, მათ შორის პრემიერის მხრიდან. 

"აღნიშნული დიალოგის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სხვა საკითხებთან ერთად გავუზიარეთ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესთან დაკავშირებით. ამ პროცესის მნიშვნელობას და ასევე, არაერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც,"-განაცხადა ანა ბუჩუკურმა. 

დღის ამბები