09 აგვისტო 2020,   21:35
ვრცლად
როცა ელჩები ამბობენ, რომ კარგი იყო ოპოზიციასაც მიეღო მონაწილეობა, არ ნიშნავს, რომ საყვედური ჩვენსკენ არის - რომან გოცირიძე

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის ელჩის განცხადებები საარჩევნო სისტემის ცვლილების დამტკიცებასთან დაკავშირებით ოპოზიციურმა სპექტრმა შეაფასა. 

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ წევრი რომან გოცირიძე აღნიშნავს, კარლ ჰარცელის განცხადება, რომლითაც მან წუხილი გამოთქვა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმას უფრო დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდა, ოპოზიციისკენ არ არის მიმართული.

გოცირიძემ ხაზი გაუსვა აშშ-ს საელჩოს განცხადებაში აღნიშნულ შენიშვნებსაც, რომლის მიხედვითაც საარჩევნო კოდექსში აუცილებელია დამატებითი ზომების შემოღება ამომრჩევლის შესაძლო დაშინების წინააღმდეგ და საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის.

"როდესაც ელჩები ამბობენ, რომ კარგი იყო, რომ ოპოზიციასაც მიეღო მასში მონაწილეობა, ეს არ ნიშნავს, რომ საყვედური ჩვენკენ არის. როდესაც ამბობენ, რომ ამ კოდექსმა ვერ გადაჭრა მთავარი პრობლემა, როგორიცაა მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, შანტაჟი, საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინირებული როლი, გასაჩივრების უფლების არარსებობა და ჩამოთვლილია ყველაფერი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს კანონი რეალურად გაუარესებულია გაუმჯობესების ნაცვლად. ელჩების ენა უნდა წავიკითხოთ, ასე ვთქვათ, არაელჩების ენით," - აცხადებს რომან გოცირიძე.

საარჩევნო კოდექსის რეფორმაში ხარვეზებზე საუბრობს "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძეც

"როდესაც ერთი მხარე, "ქართული ოცნება" არის აბსოლუტურად უგუნური, უბრალოდ რიცხობრივი უპირატესობით პარლამენტში და ამის ხარჯზე ცდილობს ხელები გადაგვიგრიხოს, დიალოგზე უარი თქვას, ჩვენს კონკრეტულ, გონივრულ შეთავაზებებზე, როგორ შეიძლებოდა ამომრჩეველზე ძალადობის და მასზე ზეგავლენის შემთხვევები გამოგვერიცხა და ამის უბრალო განხილვაზეც კი უარს გვეუბნება, ჩვენ რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებდით. საბოლოოდ, კოდექსმა მიიღო მნიშვნელოვანი შენიშვნა, მათ შორის ევროკავშირის და აშშ-ს ელჩებისგან, რომ ამომრჩეველზე ძალადობის და მისი ნების დამახინჯების თვალსაზრისით კოდექსში შეტანილი ცვლილებები არასაკმარისია,"-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დღის ამბები