23 აპრილი 2024,   10:02
ვრცლად
ეუთო/ოდირის ყველა ძირითადი რეკომენდაცია ასახულია საარჩევნო რეფორმის ფარგლებში - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა საარჩევნო კოდექსის რეფორმის პროცესში ეუთო/ოდირის ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გაითვალისწინა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის ელჩი საქართველოში რეფორმას პოზიტიურად აფასებენ.

"ჩვენთვის სასიხარულოა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და ევროკავშირის ელჩი პოზიტიურად აფასებს იმ საარჩევნო რეფორმას, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ და რომელიც დაეფუძნა ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს. ყველა ძირითადი რეკომენდაცია ასახულია საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ 2020 წლის არჩევნები და ყოველი მომდევნო არჩევნები იყოს კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე აქამდე, კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობა, კიდევ უფრო დახვეწილი საარჩევნო პროცესი იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ეს შევძელით, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით და მონაწილეობით," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

შეგახსენებთ, 2 ივლისს საქართველოს პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები დაჩქარებული წესით რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს, კანონპროექტს 94 მომხრე და 1 წინააღმდეგი ჰყავდა.

კოდექსში შეტანილი ცვლილებებით სავალდებულო ხდება პარტიულ სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენლის შეყვანა. ასევე აკრძალული ხდება კენჭისყრის დღეს, სააგიტაციო მასალის განთავსება, საარჩევნო უბნის გარდა, შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის რადიუსშიც. ცვლილებების თანახმად 100 ლარამდე თანხით ამომრჩევლის მოსყიდვა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციისთვის, ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთაც წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და მასში მონაწილეობა ეკრძალებათ.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მედია-კამპანიისა და პოლიტიკური სუბიექტებისთვის დათმობილი საეთერო დროის მიმართულებით მთელ რიგ ცვლილებებს.

დღის ამბები