23 აპრილი 2024,   17:44
ვრცლად
"ეს იქნება კიდევ ერთი სამარცხვინო კომპრომისი ბიზნესის სასარგებლოდ" - მესამე სექტორი შრომის კოდექსის შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაციები ისევ მშრომელების უფლებების დაცვას ითხოვენ. სამოქალაქო სექტორი შიშობს, რომ მთავრობა მხოლოდ ბიზნესის ინტერესებს გაითვალისწინებს და შესაძლოა, კოდექსიდან შრომის ინსპექცია გაქრეს.

ამ შემთხვევაში საუბარია უფლებებზე, რომლითაც დამოუკიდებელი სამსახური დამქირავებლის მხრიდან გადაცდომას ვერ გამოავლენს. 

"დღეს არის რეალური საფრთხე, რომ ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხი ამოიღონ კანონპროექტიდან, რაც, საბოლოოდ ძალას დაუკარგავს ამ რეფორმას, მას გახდის ფიქტიურს და ილუზორულს და ეს იქნება კიდევ ერთი სამარცხვინო კომპრომისი ბიზნესის სასარგებლოდ და რეალურად, ღალატი 100 ათასობით დასაქმებულისა, რომელიც ელოდება ამ ცვლილებებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მთავრობას, არ დაუშვას ამ მნიშვნელოვანი რეფორმის ჩაგდება,"-განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა კოტე ერისთავმა. 

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორის, მერაბ ქართველიშვილის თქმით, შრომის კოდექსის ეფექტურობისთვის აღსრულების მექანიზმის არსებობა აუცილებელია. 

"ჩვენ ვსაუბრობთ, რომ შემოგვაქვს დასვენების დრო, დასვენების დღე, ზეგანაკვეთური ანაზღაურების პრინციპები, ჩვენ თუ არ გვექნება შესაბამისი აღსრულება, ანუ არ იარსებებს ინსტიტუცია, რომელიც ამაზე პასუხისმგებელი იქნება და არ ექნება უფლებამოსილება, რომ შეამოწმოს, რამდენად იცავს დამსაქმებელი ამ პრინციპებს, მაშინ გამოდის, რომ შესაძლოა პირი მუშაობდეს, არ აძლევდნენ დასვენების დროს, ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას და ამის საპასუხოდ ვერავინ შეამოწმებს, თუ თავად არ გადაწყვიტა სასამართლოში წასვლა. როდესაც არსებობს აღსრულების მექანიზმი, ასეთ დროს მეტი შანსია, რომ დამსაქმებელმა ვერ გაბედოს და არ გაბედოს, არ შეასრულოს, რაც წერია შრომის კოდექსში,"- განაცხადა მერაბ ქართველიშვილმა.

დღის ამბები