25 აპრილი 2024,   08:33
ვრცლად
სხვადასხვა მაუწყებლის წარმომადგენლების მტკიცებით, მათ "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები პირდაპირ ეხებათ

სამოქალაქო სექტორი "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" მომზადებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას ითხოვს.

დღეს, საკითხის პირველი საკომიტეტო მოსმენა დაიწყო. სხდომას დეპუტატებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა მაუწყებლის წარმომადგენლებიც ესწრებიან. ისინი ხედავენ საფრთხეს, რომ იმ შემთხვევაში თუ ცვლილებები დამტკიცდება, კომისიას შეუძლია ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება და სხვადასხვა ორგანიზაციას დროებითი მმართველი დაუნიშნოს.

"ჩვენი აღშფოთების საგანი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება თუ როგორ ინტერპრეტაციას აკეთებს მარეგულირებელი კომისია ამა თუ იმ კანონის. ის ბუნდოვანება, რომლითაც შედის ცვლილება, ხელს გაუხსნის მარეგულირებელ კომისია, რომ ეს გადაწყვეტილება მაუწყებლებთან მიმართებაში მიიღონ,"- აცხადებს "TV პირველის" კომერციული დირექტორი ნანა აბურჯანიძე.

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილიც იმავე აზრზეა და აღნიშნავს, რომ ამ კანონპროექტის მიღება ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა. 

"ეს კანონპროექტი კავკასიას და 20-მდე მაუწყებელს ეხება პირდაპირ, რადგან ჩვენ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონითაც ვართ ლიცენზირებული. ეს ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბექაურს შეუძლია თავისი ახირებით შევარდეს ნებისმიერ კომპანიაში და დაშალოს,"- აღნიშნავს ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი.

რაც შეეხება ოპოზიცია, ისინი თვლიან, რომ რადგან მმართველი გუნდი, დაჩქარებული წესით, არჩევნების წინ ამაზე საუბარს იწყებს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს რაღაც კონკრეტული ინტერესი გააჩნია.

"ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ვერც ინვესტორებზე ვიფიქრებთ ამ კონკრეტულ სფეროში და თვითონ სფეროში მოქმედ ავტორიზებულ პირებს ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნებათ და სახელმწიფო ხელში ჩაიგდებს გაუმართლებელ ბერკეტს, რომ დროებითი მმართველის პირობებში მოიპოვოს სფეროზე გავლენა. ეს არის აუცილებლად უკან გასაწვევი პროექტი. ის, რომ ამას არჩევნების წინ აკეთებენ ისე რომ არანაირი გათვლები არ წარმოუდგენიათ, მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს რაღაც კონკრეტული ინტერესი გააჩნია,"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა, სერგი კაპანაძემ. 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური კი, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს კანონი მაუწყებლებს ეხებათ აცხადებს, რომ ეს სიცრუეა. 

"ჩვენ ვითხოვთ დღევანდელ მექანიზმზე უფრო მსუბუქ მექანიზმს, რომელიც მომხმარებელს დაიცავს საკომუნიკაციო სერვისების შეწყვეტისაგან და შესაბამისად, აქ მაუწყებლების სფეროს ნაწილი არც მოსაზრებებში იყო და არც არავის გაუვლია თავში. სპეკულაცია, რომელიც ამ კუთხით მოვისმინეთ, სრული სიცრუეა,"- აცხადებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური.

დღის ამბები