20 აპრილი 2024,   13:05
ვრცლად
რუსეთში ამბობენ, რომ პიკმა გადაიარა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან - მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულების რაოდენობამ 13 მლნ-ს მიაღწია

პანდემიისას საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებიდან ყველაზე რთული ვითარება, ამჟამად, სომხეთშია. გასული დღე-ღამის განმავლობაში, იქ ინფიცირების 489 ახალი და გარდაცვალების 16 შემთხვევა დაფიქსირდა. შედარებით გაუმჯობესდა ვითარება უკრაინაში, სადაც რამდენიმე დღეა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი ახალი პაციენტების რაოდენობას აღემატება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კიდევ 800 ადამიანი დაავადდა, 861 კი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის პიკი გადავლილად გამოაცხადეს რუსეთის ოფიციალურმა პირებმა. ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

შეერთებულ შტატებში დღეს, ინფიცირებულთა რეკორდულად მაღალი რიცხვი დაფიქსირდა - 63 247 დაავადებული. ანტირეკორდი მოიხსნა დღიურმა მაჩვენებელმა ქვეყნის სხვადასხვა შტატშიც, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ალასკაში, ჯორჯიაში, აიდაჰოში, ლუიზიანაში მონტანაში, ოჰაიოში, იუტასა და ვისკოსინში.

შეერთებული შტატების ბედის გაზიარებას უწინასწარმეტყველებს ჯანმო ბრაზილიას. ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების რიცხვმა 1,8 მილიონს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაავადების 45 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 1 214-ით გაიზარდა.

კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც პანდემიის მეორე ტალღა ყოველდღიურად სულ უფრო ძლიერდება, ინდოეთია. ქვეყნის 10-ზე მეტ შტატში ნაწილობრივი კარანტინის რეჟიმი ისევ ამოქმედდა. ბოლო 24 საათში კი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 27 114-ით გაიზარდა, ქრონიკული დაავადებებისა და დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გამო, ინდოეთში კიდევ 519 პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსის ახალი ტალღა დაატყდა თავს სერბეთს, რის გამოც ხელისუფლება იძულებული გახდა დედაქალაქში კომენდატის საათი აემოქმედებინა. შეზღუდვებმა ბელგრადში მოსახლეობის უკმაყოფილება გამოწვა, რასაც საპროტესტო აქცია და დემონსტრანტების პარლამენტში შეჭრა მოჰყვა. დაშავებულებს შორის, აქციის მონაწილეებთან ერთად, სამართალდამცველები და ჟურნალისტებიც არიან.

პანდემიის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, დღეს კიდევ ერთხელ მიმართა გაეროს გენერალურმა მდივანმა. ჯანმოს ინფორმაციით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა მსოფლიოში უკვე 13 მილიონს მიაღწია. ანტონიო გუტერეში თვლის, რომ ეს რიცხვი სწორედ, ქვეყნებს შორის COVID-19-ის წინააღმდეგ ერთიანი სამოქმედო გეგმის არარსებობის შედეგია.

ავტორი: შმაგი ლეპარტელიანი 

დღის ამბები