კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა იმპორტირებულია - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "კურიერთან" საუბრისას განაცხადა.
გამყრელიძის ინფორმაციით, ხუთივეს წყარო დადგენილია.
"ყველა არის საკარანტინო ზონიდან, ანუ იმპორტირებული შემთხვევები, ვინც მოხვდნენ კარანტინში და შემდეგ განუვითარდათ სიმპტომები. ერთეული ახალი შემთხვევები გვაქვს ყოველდღიურად, რომელიც ორნიშნა რიცხვს ჯერჯერობით არ აღწევს. გვაქვს 3, 5, 8 შემთხვევა ყოველდღიურად. ბოლო თვენახევრის განმავლობაში შემთხვევების წყარო გახლავთ სატვირთო ავტომობილების მძღოლები, რომელზედაც სპეციალური ალგორითმი მუშაობს მათი ტესტირების. ბოლო ერთი თვის განმავლობაში 50-ზე მეტი სატვირთო ავტომობილის მძღოლია ქვეყანაში იდენტიფიცირებული და დიაგნოსტირებული," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის თქმით, მათ კლინიკაში ამჟამად 22 პაციენტი მკურნალობს.