24 აპრილი 2024,   19:10
ვრცლად
დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით 4,916 ადამიანი გარდაიცვალა

დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით 4,916 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რაოდენობა 13 მილიონს აღწევს. დაღუპულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ, მეორეზე ბრაზილია, მესამეზე დიდი ბრიტანეთი.

ექიმებმა ახალი კვლევების საფუძველზე გააკეთეს დასკვნა, რომ კორონავირუსმა, შესაძლოა დააზიანოს არა მხოლოდ ფილტვები, გული და თირკმლები, არამედ თავის ტვინიც იმ პაციენტებში, რომელთაც ნევროლოგიური პრობლემები, მათ შორის, პარანოია და ჰალუცინაციები აწუხებთ.

პანდემიის პარალელურად, მსოფლიო ეკონომიკურ პრობლემებს ებრძვის, თელ-ავივში მთავრობის ღონისძიებები ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. მარტში დაწესებული მკაცრი კარანტინის შემდეგ, ისრაელში უმუშევრობა 21 პროცენტით გაიზარდა. ვირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო კი ქვეყანაში ზომები ისევ გამკაცრდა.

ახალი წესები მოქმედებს ირანშიც. მასობრივი შეკრებების გამართვა, მათ შორის ქორწილები და პანაშვიდები აიკრძალა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 188 პაციენტი გარდაიცვალა.

დღის ამბები