თემქაზე აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საჭიროება, რომ კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს. პირველ კომენტარს აკეთებს იმ ბინის მფლობელიც, რომლის სახლშიც შემთხვევა მოხდა.
ადგილობრივების თქმით, რამდენიმე ხნის განმავლობაში ბინაში არავინ ცხოვრობდა და იქიდან ნარჩენების სუნი იგრძნობოდა.
პირველადი ვერსიით, ბინის მეპატრონის განცხადებით, სავარაუდოდ აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. როგორც ბინის მფლობელი "კურიერთან" საუბარში ამბობს, ბინა გაქირავებული ჰქონდა და უკვე რამდენიმე თვეა სახლში არავინ ცხოვრობდა, შესაბამისად შემთხვევისას არავინ დაშავებულა.
"არ ვიცი არაფერი იმიტომ, რომ ყველაფერი გადაკეტილი იყო და ყველაფერი იყო ნორმალურად. რა მოხდა მე არ ვიცი, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა," - განაცხადა ბინის მეპატრონემ ჯული დანელიამ.
რაც შეეხება აფეთქების გამო მიყენებულ ზარალს, დაზიანებულია ჭერი და ჩამსხვრეულია ფანჯრები.
ადგილზე შესაბამისი უწყების წარმომადგენლები მუშაობენ. მათი განცხადებით, კორპუსის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება და მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება. ამ დროისთვის კორპუსს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
"ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, არანაირი საფრთხე კორპუსის მდგრადობას ან რომელიმე ბინის კონსტრუქციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
სავარაუდო ვერსია არის ამ ეტაპზე, რომ მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვით, თუმცა გამოძიება დაადგენს დეტალებს. "თბილისი ენერჯის" შესაბამისი სამსახურიც მუშაობს ამ დროისთვის და მათი დასკვნაც ბუნებრივია იქნება რამდენიმე დღეში," - აცხადებს ნაძალადევის რაიონის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი გიორგი ჩაკვეტაძე.