20 აპრილი 2024,   13:54
ვრცლად
8 მარტის შეთანხმება მნიშვნელოვანია, ის აერთიანებს თავისუფლებასა და თამაშის დემოკრატიულ წესებს მომავალი არჩევნებისთვის - დიეგო კოლასი

8 მარტის შეთანხმებისა და მისი იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე საფრანგეთის ელჩმა ისაუბრა. დიეგო კოლასის შეფასებით, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა მისივე თქმით, საბოლოო მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. 

ფრანგი დიპლომატის განცხადებით, საფრანგეთიც და მთლიანად ევროპა, ამ პროცესს ყურადღებით აკვირდება. 

"ვფიქრობ, რომ 8 მარტის შეთანხმება მნიშვნელოვანია, ის აერთიანებს თავისუფლებასა და თამაშის დემოკრატიულ წესებს მომავალი არჩევნებისთვის. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ შეთანხმების შესრულებას და რეალიზაციას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის მიცემა. ეს იყო ხმის მიცემა "ოდირის" რეკომენდაციებზე, რაც საინტერესო ნაბიჯი იყო უკეთესობისკენ. 

ამასთან მნიშვნელოვანი იყო პარლამენტში ქალების წარმომადგენლობის გაზრდის საკითხის წინ წამოწევა. ძალიან ბევრი გაკეთდა, თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ თვალს ვადევნებთ მიმდინარე პროცესებს იმისათვის, რომ დაწყებული ბოლომდე მივიდეს. ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტის შეთანხმება სრულად შესრულდეს. 

საქართველოს დემოკრატია პროდუქტიული იქნება, როდესაც მხარეები ერთიანი იქნებიან. ვფიქრობ, კონსტრუქციული კრიტიკა და ერთიანობა შედეგს გამოიღებს. 

დისკუსია გაგრძელდება იმაზე, რას ნიშნავს იმპლემენტაცია პოლიტიკური ძალებისთვის. ეს დისკუსია კი დემოკრატიულ ჭრილში უნდა შედგეს, რომელიც საქართველოს კეთილდღეობისთვის პოზიტიურ დებატებს მოიცავს," - აცხადებს საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი.

ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას და მას 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების კუთხით წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს - აღნიშნული საკითხი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშში მოხვდა. ოპოზიცია ყურადღებას ძირითადად სამ საკითხზე ამახვილებს, მთავარი აქცენტი კი 8 მარტის შეთანხმებაზე აქვთ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, დოკუმენტზე მათ ჯერ შეფასებები არ გაუკეთებიათ. 

დღის ამბები