მმართველი გუნდის ოპონენტები იმ რეკომენდაციაზეც საუბრობენ, რომელიც ხელისუფლებამ ევროპარლამენტარებისგან მიიღო. მათი განმარტებით, დოკუმენტი არჩევნების თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარებას ითვალისწინებს.
ოპოზიცია ყურადღებას ძირითადად სამ საკითხზე ამახვილებს, მთავრი აქცენტი კი 8 მარტის შეთანხმებაზე აქვთ.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ანგარიშში პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ არის ნახსენები.
"ანგარიშში პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ არის ნახსენები. საუბარია იმ პოლიტიკურ კონტექსტზე, რომელსაც ქვეყანა იმსახურებდა ასოცირების გზაზე. ასევე საუბარია იმ მრავალ რეფორმაზე, რომელიც გატარდა. ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციებიც, მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიურად არის ნახსენები მეოთხე ტალღა, ანუ სასამართლო რეფორმა, რომელიც ჩვენმა პარლამენტმა მიიღო, ისინი თვლიან რომ გარკვეული ხარვეზით იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა და რეკომენდაციებს გასცემენ, რომ კიდევ უფრო დაიხვეწოს ეს პროცედურები,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა.
მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშზე და ოპოზიციის გამოხმაურების საპასუხოდ აცხადებს, რომ ანგარიშში ვერ აისახებოდა, ვერც სიტყვა პოლიტპატიმარი და ვერც ვინმეს სახელი და გვარი, რადგან ეს იყო, კონკრეტულად "ნაციონალური მოძრაობის" კლასტერის ინტერპრეტაცია.
"ევროპარლამენტარების ანგარიშში ვერ აისახებოდა, ვერც სიტყვა პოლიტპატიმარი და ვერც ვინმეს სახელი და გვარი, რადგან ეს იყო, კონკრეტულად "ნაციონალური მოძრაობის" კლასტერის ინტერპრეტაცია. რეალურად, ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რაც წერია 8 მარტის შეთანხმებაში, რომელსაც ორი ნაწილი აქვს,"- აღნიშნავს აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.
ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებასაც და მას 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების კუთხით წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს - ნათქვამია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშში.
დოკუმენტში კომიტეტმა რამდენიმე შესწორება შეიტანა, თუმცა ვებგვერდზე ცვლილებები გამოქვეყნებული არ არის. 10 გვერდიანი დოკუმენტი დევს პლატფორმა "სქრიბდზე" და მასში წერია, რომ ევროპარლამენტი პოლიტიკური პარტიების მიერ 8 მარტის მემორანდუმისა და ერთობლივი განცხადების ხელმოწერის ფაქტს მაღალ შეფასებას აძლევს და მხარეებს შეთანხმების ყველა ასპექტის შესრულებისკენ მოუწოდებს.