19 აპრილი 2024,   23:36
ვრცლად
ანგარიში მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას - სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტის ანგარიშზე

ხელისუფლების ოპონენტები ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს აფასებენ. ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ დოკუმენტში დიდი რაოდენობით შესწორებებია, რომელიც ძირითადად 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებას ეხება. 

"ანგარიში მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, თუმცა ვნახეთ, რომ გაკეთდა დოკუმენტში დიდი რაოდენობით შესწორებები. ანგარიშში წერია, რომ უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება, უნდა შეწყდეს მედიის წინააღმდეგ საქმეები, ასევე არის მითითება, რომ უნდა შესრულდეს ეუთოს ყველა რეკომენდაცია არჩევნებამდე, დღემდე კი მათი უმრავლესობა არ არის შესრულებული. 

ამასთან ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ 20 ივნისის მოვლენების გამოძიება უნდა დაიწყო," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი. 

ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებასაც და მას 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების კუთხით წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს - საკითხზე საუბარია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშში.

დოკუმენტში კომიტეტმა რამდენიმე შესწორება შეიტანა, თუმცა ვებგვერდზე ცვლილებები გამოქვეყნებული არ არის. 10-გვერდიან დოკუმენტი დევს პლატფორმა "სქრიბდზე", მასში წერია რომ ევროპარლამენტი პოლიტიკური პარტიების მიერ 8 მარტის მემორანდუმისა და ერთობლივი განცხადების ხელმოწერის ფაქტს მაღალ შეფასებას აძლევს და მხარეებს შეთანხმების ყველა ასპექტის შესრულებისკენ მოუწოდებს. 

მმართველი გუნდის ოპონენტები კი, იმ რეკომენდაციაზეც საუბრობენ, რომელიც ხელისუფლებამ ევროპარლამენტარებისგან მიიღო. მათი განმარტებით, დოკუმენტი არჩევნების თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარებას ითვალისწინებს. 

დღის ამბები