19 აპრილი 2024,   18:19
ვრცლად
საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესულმა ცვლილებებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატები და კამათი გამოიწვია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივების საკითხი პოლიტიკური დებატების და კამათის საგანი იყო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. დეპუტატები იმ ცვლილებებს განიხილავენ, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შეზღუდვების დაწესების ვადა უხანგრძლივდება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებებს ეწინააღმდეგება ოპოზიცია. ოპონენტები მმართველ გუნდს პარლამენტის უფლებამოსილების შემცირებაში ადანაშაულებს და შიშობენ, რომ ხელისუფლება გაზრდილ ძალაუფლებას საარჩევნოდ სწორედ ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენეს.

ოპოზიციისთვის, დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის აღნიშნული კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია და  მიიჩნევენ, რომ ადამიანების ფუნდამენტური უფლებები მნიშვნელოვნად შეიზღუდება. ოპოზიციის თქმით,  საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტი ამ გადაწყვეტილებით თავად ამბობს უარს მაკონტროლებლის ფუნქციის შესრულებაზე და მთავრობას უფლებამოსილებას უზრდის. ოპოზიცია ამ ყველაფერში ავტორიტარიზმის ნიშნებს ხედავს და რეგულაციებს წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.

"თქვენ გარდა ამ ქვეყანაში ყველამ თქვა, წარმოდგენა ვისაც კი აქვს რა წერია კონსტიტუციაში, რომ ეს კონსტიტუციის საწინააღმდეგოა," – განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ეკა ბესელიამ.

"ევროპულ საქართველოში" კი მოითხოვენ, რომ მმართველმა გუნდმა კანონპროექტის გახანგრძლივების რეალური მიზეზი დაასახელოს.

"თავი დაანებეთ დემაგოგიას და თქვით რეალური მიზეზი რატომ ახანგრძლივებთ აღნიშნული კანონპროექტის მოქმედებას. კერძოდ, რატომ თიშავთ პარლამენტს აქტიური ქმედებებიდან," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" მდივანმა ხათუნა გოგორიშვილმა.

სერგი კაპანაძე ამბობს, რომ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა დაასახელოს ერთი საპარლამენტო რესპუბლიკა მაინც, რომელიც ამ პანდემიის ვითარებისას საპარლამენტო კონტროლს იხსნის.

"ბატონო დიმიტრი, ერთი ქვეყანა დამისახელეთ, საპარლამენტო რესპუბლიკა - ვაზუსტებ, რომელიც დღეს, რადგანაც არის პანდემიის საფრთხე მთელს მსოფლიოში, თქვენს მსგავსად იქცევა და საპარლამენტო კონტროლს იხსნის," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძემ.

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა დიმიტრი ხუნდაძეს მიმართა, რომ ამ კანონის ინიცირებით ხელისუფლება სახელმწიფოს ავნებს და ქვეყანაში ხელისუფლების ბალანსს აზიანებს.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ მარიამ ჯაშს უპასუხა, რომ მას არ ეთანხმება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ვადა ივლისამდე იყო გაწერილი, თუმცა შესაძლოა ვადა 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდეს. დეპუტატები პაკეტს, სავარაუდოდ, დღესვე დაამტკიცებენ.

დღის ამბები