07 აგვისტო 2020,   00:02
ვრცლად
ცდილობს თუ არა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის საშუალებით რუსეთი, რეგიონში პოზიციები გაიმყაროს - სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკანასკნელი იერიშის შედეგად განადგურებულია სომხეთის საყრდენი პუნქტი, მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. ოფიციალური ბაქო, სომხეთს ცეცხლის განახლებაში სდებს ბრალს და ადეკვატური საპასუხო ზომებით იმუქრება. რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა.

ცნობას დაღუპული სამხედროების შესახებ ოფიციალური ერევანი ჯერჯერობით არ ადასტურებს. ამბობენ, რომ მოწინააღმდეგეს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს, რასაც 10-მდე აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხეთის პირველი პირი ბაქოს პროვოკაციასა და სიტუაცის ესკალაციაში ადანაშაულებს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაცია პერიოდულად იძაბება. უკანასკნელი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება 2016 წლის აპრილში მოხდა. 3 დღიანი კონფლიქტის შედეგად დანაკარგი ორივე მხარემ განიცადა. დაიღუპა რამდენიმე ათეული სამხედრო როგორც აზერბაიჯანის ისე სომხეთის მხრიდან. მსხვერპლი იყო მშვიდობიან მოსახლეობაშიც. როგორც 4 წლის წინ, ისე დღეს კონფლიქტს ეხმაურება თურქეთი და მხარდაჭერას აზერბაიჯანს უცხადებს.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის დაძაბვაზე, მეტწილად, კორონავირუსმა და მისმა დამანგრეველმა ეფექტმა იმოქმედა - ამბობენ ქართველი ანალიტიკოსები. ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ კრიზისი ეკონომიკური და მძიმე სოციალური ფონიდან ყურადღების გადატანის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამ ფონზე კი მისი თქმით, რეგიონში პოზიციების გამყარებას რუსეთი ცდილობს. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე ამ ფონზე მთავრობას საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის გაძლიერებას ურჩევს.

ის, რომ რეგიონში ორი ქვეყნის დაპირისპირება სერიოზული გამოწვევაა, ამაზე ანალიტიკოსები ცალსახად თანხმდებიან, მაგრამ ეჭვი მის ხანგრძლივობაში ეპარებათ. ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ეს არც აზერბაიჯანს და არც სომხეთს აწყობს. ერთდერთი ვისაც ცეცხლზე ნავთის დასხმა შეუძლია რუსეთია, რომელიც ორივე მხარეს შეიარაღებით უკვე მრავალი წელია ამარაგებს.

დაპირისპირება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 12 ივლისს განახლდა. ეპიცენტრი ორი ქვეყნის საზღვრის, ტოვუზის რაიონია. მძიმე შიეარაღების გამოყენებაში მხარეები ერთმანეთს სდებენ ბრალს. კონფლიქტი ქვეყნებს შორის უკვე თითქმის 30 წელი გრძელდება.

დღის ამბები