რუსეთის აგრესია და მისი შედეგები - ეს საკითხები გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე განიხილეს. რატომ ვერ მოხერხდა კონფლიქტის მოგვარება აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგ, ამაზე წევრმა სახელმწიფოებმა წუხილი გამოხატეს და თქვეს, რომ 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს დადებული შეთანხმებების შემდეგ მიღწეული პროგრესი მცირეა.
აღნიშნულს საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა. დავით ზალკალიანმა წევრ სახელმწიფოებს საქართველოს კონფლიქტის შესახებ გავრცელებული განცხადების გამო მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მიერ გამართულ სხდომაზე კი, პრემიერმა გიორგი გახარიამაც გაამახვილა ამ საკითხზე ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყნის ოკუპაცია იყოს სტრატეგიული პარტნიორების დედაქალაქებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში ყოველთვის, ყველაზე აქტუალური საკითხი.
"გუშინ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე, კიდევ ერთხელ მკაფიოდ იქნა დაფიქსირებული მხარდაჭერა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის დეოკუპაციის აუცილებლობის. მინდა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და ევროპელ პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ბელგიას, ესტონეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას და ნორვეგიას მადლობა გადავუხადო, უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიციისთვის, რომ საქართველო არის ოკუპირებული და ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის.
გარდა ამისა, მინდა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ მუშაობას, რათა ქვეყნის ოკუპაცია იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დედაქალაქებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში იყოს ყოველთვის, ყველაზე აქტუალური საკითხი, მუდმივად აქტუალური საკითხი, ვიდრე არ მოხდება საბოლოო ჯამში ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.
გაეროს განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ რუსეთის ქმედებები ახანგრძლივებს კონფლიქტს, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას, ხელს უშლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულფასოვან გამოყენებას, ასევე უარყოფითად მოქმედებს საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. განცხადებაში საუბარია ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის წარმოებაზეც.