პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 17 წლამდე ყველა ბავშვს 200 ლარი გადაეცემა. გიორგი გახარია ამბობს, რომ ქვეყანაში ყველაზე მეტი დახმარება სწორედ ბავშვებს სჭირდებათ, რომ სასწავლო პროცესში შესაბამისად ჩაერთონ.
პრემიერ მინისტრის თქმით, ვისაც ამის საჭიროება არ გააჩნია, შეუძლია დახმარებაზე უარი თქვას.
"ახლა ჩვენ გვჭირდება ფართო სოციალური ჯგუფების დახმარება. ამიტომ ვამბობთ, რომ კომუნალური ხარჯები, მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს ყველაზე მაღალ გადასახადები აქვთ, ეს არის ზამთრის თვეები - ნოემბერი დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, ის რაც დავიწყეთ, უნდა გავაგრძელოთ. ამაში ახალი ხომ არაფერი არ არის?
შემდგომი ყველაზე მნიშვნელოვანი ხარჯები საქართველოს მოქალაქეების ოჯახების - რა თქმა უნდა, არის ბავშვებზე. ამიტომ, ყველა ბავშვს 17 წლამდე, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება დარიცხული 200 ლარი. ის შეძლებული ოჯახები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთ დახმარებაზე უარი თქვან, რა თქმა უნდა, იტყვიან უარს და ეს 200 ლარი არის გათვლილი თითოეულ ბავშვზე.
დღეს საქართველოში არის 280 ათასი ბავშვი, რომელმაც უნდა გაუძლოს ეკონომიკური კრიზისის დარტყმას, ნორმალურად სასწავლო წლის პროცესში შევიდეს. მანახეთ ერთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, თვალებში მინდა ჩავხედო. მაშინ, როდესაც ყველას კარგად გვესმის და ყველა საერთაშორისო კვლევით არის გათვალისწინებული, რომ საქართველოში ყველაზე მეტი სოციალურად დახმარება სჭირდებათ ბავშვებს. შესაბამისად, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.