პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია გამოეხმაურა, გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე განხილულ საკითხს, სადაც საუბარი იყო რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ აგრესიაზე.
მისი განმარტებით, აუცილებელია საერთაშორიო საზოგადოების ძალისხმევა იმისათვის, რომ რუსეთმა შეასრულოს, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით, ასევე საერთაშორისო სამართლით ნაკისრი სხვა ვალდებულებები.
"მტკიცედ ვემხრობით ჩვენს სამშვიდობო ნაბიჯებს, რომელსაც მხარს უჭერს მთელი ცივილიზებული სამყარო და გამოსავალი ამ პრობლემის გადასაწყვეტად არის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა. ამ მიზნით, აუცილებელია საერთაშორიო საზოგადოების ძალისხმევის შემდგომი კონსოლიდაცია იმისათვის, რომ გაძლიერდეს ზეწოლა ოკუპანტ სახელმწიფოზე და ის გახდეს იძულებული შეასრულოს, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით, ასევე საერთაშორისო სამართლით ნაკისრი სხვა ვალდებულებები," - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ.
რუსეთის აგრესია და მისი შედეგები - ეს საკითხები გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე განიხილეს. რატომ ვერ მოხერხდა კონფლიქტის მოგვარება აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგ, ამაზე წევრმა სახელმწიფოებმა წუხილი გამოხატეს და თქვეს, რომ 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს დადებული შეთანხმებების შემდეგ მიღწეული პროგრესი მცირეა.
გაეროს განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ რუსეთის ქმედებები ახანგრძლივებს კონფლიქტს, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას, ხელს უშლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულფასოვან გამოყენებას, ასევე უარყოფითად მოქმედებს საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. განცხადებაში საუბარია ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის წარმოებაზეც.