25 აპრილი 2024,   08:40
ვრცლად
რუსეთის ნაბიჯები საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, ამიტომ ბუნებრივია, რომ გაერო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - დავით ბაქრაძე

ქართველი პოლიტიკოსებისთვის, გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადება იმის დასტურია, რომ რეალობა ჩვენი პარტნიორების თვალშიც ისე გამოიყურება, როგორც ეს ქართულ რეალობაშია. 

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ რუსეთის ნაბიჯები საერთაშორიო სამართალს ეწინააღმდეგება.

"რუსეთის ნაბიჯები საერთაშორიო სამართალს ეწინააღმდეგება, ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ გაერო თავის რეზოლუციებში მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს, როგორც რუსული აგრესიის მსხვერპლს. მიუხედავად დიდი პოლიტიკური ბრძოლისა, რომელიც რუსეთმა გამართა გაეროშიც და სხვაგანაც, ვერაფერი შველის იმას, რომ რუსეთი ღია და მკაფიო უკანონობას ახორციელებს,"- აღნიშნავს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი კი, საერთაშორიო პარტნიორების მხარდაჭერას ყველა საკითხში მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თუმცა რუსეთთან ჰარმონიულ ურთიერთობაში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთაშორიო პარტნიორები მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. 2012 წლიდან ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც ერთი ერთზე ასრულებს რუსეთის დავალებებს და 2008 წლის ომთან დაკავშირებით ადანაშაულებს საკუთარ ქვეყანას," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.

რუსეთის აგრესია და მისი შედეგები - ეს საკითხები გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე განიხილეს. რატომ ვერ მოხერხდა კონფლიქტის მოგვარება აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგ, ამაზე წევრმა სახელმწიფოებმა წუხილი გამოხატეს და თქვეს, რომ 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს დადებული შეთანხმებების შემდეგ მიღწეული პროგრესი მცირეა.

გაეროს განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ რუსეთის ქმედებები ახანგრძლივებს კონფლიქტს, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას, ხელს უშლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულფასოვან გამოყენებას, ასევე უარყოფითად მოქმედებს საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. განცხადებაში საუბარია ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის წარმოებაზეც.

დღის ამბები