აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მომზადებულ დოკუმენტს შეფასებები მოჰყვა უმრავლესობაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ამბობს, რომ საქართველოს მხარდაჭერის მიზნით გამოყოფილი დაფინანსება იზრდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამერიკელ პარტნიორებს საქართველოს მიმართ ნდობა გააჩნიათ.
რაც შეეხება დოკუმენტში განსაზღვრულ ვადებს და წესებს, რომლითაც შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოს შესახებ ანგარიშის მომზადებისას უნდა იხელმძღვანელოს, ირაკლი ბერაია ამბობს, რომ კონგრესის წინაშე მოხსენებების წარდგენა აშშ-ის აღმსრულებელი ხელისუფლების უწყებების ძირითადი საქმიანობაა.
"საქართველოს მხარდაჭერის მიზნით გამოყოფილი დაფინანსება და მისი მასშტაბები იზრდება, რაც არის პირდაპირი ინდიკატორი იმის, რომ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს აქვთ ნდობა საქართველოს მიმართ, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ და ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ჩვენი უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული რეფორმების აღიარების პირდაპირი შედეგი. ანგარიშების წარდგენა არის ყოველდღიური საქმიანობა ამერიკის შეერთებული შტატების აღმსრულებელი ხელისუფლების უწყებების კონგრესის წინაშე. აქ საუბარი არ არის მხოლოდ საქართველოზე, აქ საუბარი არის მთლიანად ამ უწყებების საქმიანობაზე ყველა მიმართულებით,“ - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების "2021 წლის ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი“, სადაც საქართველოზეც არის საუბარი სენატს გადაეცა. წარმომადგენელთა პალატის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობას მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაში, საარჩევნო რეფორმებისა და კორუფციასთან ბრძოლის გზაზე, გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის მიზნით უნდა გაგრძელდეს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.
დოკუმენტში განსაზღვრულია ის ვადები და წესებიც, რომლითაც შტატების სახელმწიფო მდივანმა საქართველოს შესახებ ანგარიშის მომზადებისას უნდა იხელმძღვანელოს. კერძოდ, კანონის მიღებიდან არა უგვიანეს 180 დღეში, სახელმწიფო მდივანმა კონგრესის შესაბამის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს ანგარიში იმის შესახებ, თუ რამდენად დგამს საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, საარჩევნო რეფორმის განხორციელების, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვის კუთხით. დოკუმენტს წარმომადგენელთა პალატამ მხარი 21 ივლისს დაუჭირა.