25 სექტემბერი 2020,   14:26
ვრცლად
ეფექტიანია თუ არა ხელისუფლების პოლიტიკა ოკუპაციასთან მიმართებაში - რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავზე არსებულ სიტუაციას პოლიტიკოსები აფასებენ

რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავზე არსებულ სიტუაციას პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიციაში ამბობენ რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკა არასწორია. ვინაიდან კვლავ გრძელდება ბორდერიზაცია და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება.

"ბოლო 8 წლის განმავლობაში, არათუ ჩვენმა ქვეყანამ ვერაფერი გააკეთა, რეალურად, უკან გადაიდგა ნაბიჯები, ამის მიზეზი ერთადერთია, ეს არის ივანიშვილის მოღალატური პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ იყო ასახული მის სამთავრობო პროგრამაში, როდესაც მან თქვა, რომ საქართველო არ უნდა იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის დიალოგის დროს პრობლემური საკითხი," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე.

საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.

"ის, რაც ხდება, კონკრეტული ერთი მაგალითი, რომ ტატუნაშვილის სიაში არ არიან შეყვანილი რუსები, ეს აკლებს ყურადღებას და დაცვას იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ამ საოკუპაციო ხაზზე, როდესაც ადამიანებს კლავენ, იტაცებენ, აწამებენ, საკუთრებას ართმევენ და ეს მუდმივ რეჟიმში ხდება, ჩვენი ხელისუფლება არ შეიძლება, რომ აქტიურად არ იყოს დაკავებული ამ პრობლემის მოგვარებით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან," - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

მმართველ გუნდში აცხადებენ რომ, საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს ყველაზე მძიმე პერიოდია, რომელიც დღემდე გრძელდება, ხელისუფლება კი ყველა შესაძლებლობას იყენებს , რათა საქართველოს ოკუპაცია იყოს დღის წესრიგში. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია გამოწვევაა მთლიანად რეგიონისთვის:

"ამ ტერიტორიების მილიტარიზაცია და რუსეთის ჰიბრიდული კამპანია წარმოადგენს გამოწვევას არა მხოლოდ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის.დეოკუპაციის საკითხი არის დაბრუნებული და აქტიურად განიხილება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში, პრაქტიკულად ყველა ფორმატში,"- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

დღის ამბები