ჟურნალისტების კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ფრაზას, რომ ომი საქართველომ დაიწყო, გიორგი გახარია პასუხობს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყეს.
"ასე დაიწყო ომი საქართველოში. ამ ომის შედეგად დაკარგული გვაქვს 20% ტერიტორიების, ასობით მოქალაქე დავკარგეთ, ქვეყნის განვითარების პერსპექტივა დავკარგეთ. როცა ოკუპირებულ 20%-ზე ვსაუბრობთ, ხომ არ გგონიათ, რომ მიწაზეა მხოლოდ საუბარი, ადამიანებზეა საუბარი. დღეს საქართველოში მხოლოდ ამ ომის შედეგად 30 ათასი საკუთარი სახლიდან დევნილი ადამიანი გვყავს, ეს არის ამ ომის შედეგი.
ყოველთვის ვამბობდით, რომ მშვიდობა და მშვიდობიანი ქმედებები, გონივრული პოლიტიკა არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის რომ ქვეყანაში მოხდეს განვითარება, მშვიდობა ნებისმიერი განვითარების პირობაა," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფება. ომში დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად მასთან ერთად ქვეყნის პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებიან.