24 აპრილი 2024,   08:14
ვრცლად
1 გარდაცვლილი, 100-მდე დაშავებული და 3 000-ზე მეტი დაკავებული - ბელარუსში მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს

ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. უკვე მეორე დღეა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს.

მოქალაქეები უნდობლობას უცხადებენ ოფიციალურ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც უკვე მეექვსედ პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გახდა. ვითარება ყველაზე მეტად დაძაბულია დედაქალაქში. მხოლოდ ბოლო საათებში, მომხდარი დაპირისპირების შედეგად, 100-მდე ადამიანი დაშავდა.

ალექსანდრე ლუკაშენკოს ასეთი რამ ნამდვილად არ ახსოვს, ყოველ შემთხვევაში მის ქვეყანაში და მისი პრეზიდენტობის დროს, რომელიც 26 წელია გრძელდება და რის შეცვლასაც, როგორც ჩანს პრეზიდენტი არ გეგმავს. მინსკისა და სხვა ქალაქების ქუჩებში სწორედ ამიტომ გამოვიდა ათასობით ადამიანი. მათ ცვლილებები სურთ, მათ არ სჯერათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დასკვნის, რომლის მიხედვითაც ლუკაშენკომ ხმათა უმრავლესობა მოიპოვა. ბუნებრივია ამ ყველაფერს დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია, ბოლო ორი დღის განმავლობაში ქალაქში აქტიურად გამოიყენებოდა ცრემლსადენი გაზი, ყუმბარები, რეზინის ტყვიები.

სამწუხაროდ არის გარდაცვალების ფაქტიც - ერთ ადამიანს ხელყუმბარა ხელში აუფეთქდა. 3,000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. სწორედ ასე გამოიყურება ბელარუსი საპრეზიდენტო არჩევნებიდან მე-2 დღეს.

"გასულ ღამეს მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა ბელარუსის მთავრობას ეკისრება, რადგან ხელისუფლების ვალდებულებაა უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებების უსაფრთხოება. ფაქტია, რომ პროტესტი მშვიდობიანი იყო. იყო სერიოზული პროვოკაციები, რის შემდეგაც დემონსტრანტები აგრესიულები გახდნენ სამართალდამცავების მიმართ," - აცხადებს ბელარუსის უფლებადამცველთა ცენტრ "ვესნას" წარმომადგენელი ვალენტინ სტეფანოვიჩი.

პრეზიდენტი ლუკაშენკო, რომელიც ამ თანამდებობას 1994 წლიდან იკავებს, ფიქრობს, რომ გარეთ გამოსული აქციის მონაწილეები ცხვრები არიან. სწორედ ამ სიტყვით აფასებს ის ამ ადამიანებს და აღნიშნავს, რომ ასეთი არეულობები გარე ჩარევების გარეშე ვერ ჩაივლიდა და ამ შემთხვევაში ის ჩეხეთს, პოლონეთს და დიდ ბრიტანეთს ადებს ხელს, მისივე განცხადებით, სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს პროპორციული ძალით პასუხობენ.

"ვიღაცეებს უნდოდათ დღესასწაული ჩაეშალათ, ჩვენ ისინი დავინახეთ. დაფიქსირდა ზარები პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან, ისინი ჩვენს ცხვრებს მართავდნენ, რომლებიც თავად ვერ ხვდებოდნენ რას აკეთებდნენ. ისინი ცდილობდნენ თავს დასხმოდნენ პოლიციელებს, თუმცა სამართალდამცველები ღირსეულად იქცეოდნენ და მათ პროპორციული ძალა გამოიყენეს. ჩვენ დავაკავეთ აქციის ორგანიზატორები, რომლებიც კუთხეში იმალებოდნენ. დაკავებულია დაახლოებით 3,000 ადამიანი. ზოგი მთვრალი იყო, ზოგი კი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, ეს ხომ საშინელებაა,"- აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო.

დღის ამბები