24 აპრილი 2024,   06:03
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ 25 წლის ნათია ცირეკიძის ოჯახის წევრებს და ადვოკატს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ 25 წლის ნათია ცირეკიძის ოჯახის წევრებსა და მათ ადვოკატს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვდა. შეხვედრაზე პაციენტის მდგომარეობასა და მკურნალობის პროცესში სხვა კლინიკების ჩართულობაზე ისაუბრეს.

"ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკიდან პაციენტის ამჟამინდელ მდგომარეობას გამოვითხოვთ და განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, სად შეიძლება მისი მკურნალობა გაგრძელდეს. პაციენტის ოჯახის წევრების მხრიდან აღინიშნა, რომ დღემდე არ არის ექსპერტიზა ჩატარებული მისთვის მიყენებულ იმ ზიანზე, რომლის გამოც პაციენტი ამ მდგომარეობაში იმყოფება. იმის მიღმა, თუ რა დოკუმენტაციაც შეისწავლა რეგულირების სააგენტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს ექსპერტიზა," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი, გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი, ვახტანგ ყიფიანი დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 100 ათასი ლარი, ხოლო და ამავე კლინიკის ექიმს, ვახტანგ ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ. ამასთან, უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მაგდა ხოჭოლავა დაკავებული არ არის, ის იტალიაში იმყოფება.

დღის ამბები