20 აპრილი 2024,   01:38
ვრცლად
ბელარუსი ხალხი აღარასოდეს ისურვებს ამ ხელისუფლებასთან ერთად ცხოვრებას - სვეტლანა ციხანოვსკაია

ბელარუსში კვლავ პოლიტიკური კრიზისია. მშვიდობიანი აქციების ფონზე გრძელდება გაფიცვები და მოწოდებები ხელისუფლების მიმართ, რომ ოპოზიციონერი ლიდერის გამარჯვება აღიაროს და 26 წლიანი მმართველობა დაასრულოს.

თავად სვეტლანა ციხანოვსკაია კი, რამდენიმე დღიან დუმილს არღვევს და საკუთარ გეგმებზე საუბრობს.

"ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ არავინ ელოდა, რომ ბელარუსს გაერთიანება და ხელისუფლებისთვის უარის თქმა შეეძლო. თუმცა ეს მოხდა, უმრავლესობა ცვლილებების მომხრე ვართ. ამას აქვს დოკუმენტური მტკიცებულება. კომისიის მიერ დათვლილი ხმათა უმრავლესობა ჩვენ გვეკუთვნის. ბელარუსი ხალხი აღარასოდეს ისურვებს ამ ხელისუფლებასთან ერთად ცხოვრებას და მისი გამარჯვების უმრავლესობას აღარ სჯერა.

სულ ვამბობდით, რომ ხმები არაძალადობრივი მშვიდობიანი გზით უნდა დაგვეცვა, თუმცა მშვიდობიანი აქცია ხელისუფლებამ სისხლიან ორთაბრძოლად გადააქცია, ვითარება კრიტიკულია. ტკივილით ვუყურებ იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. მოვუწოდებ ხელისუფლებას დიალოგისკენ და ვთხოვ ყველა ქალაქის მერს 15-16 აგვისტოს გახდნენ მშვიდობიანი მასობრივი შეკრების ორგანიზატორები თითოეულ ქალაქში,"- აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია.

მსოფლიო კი, კვლავ ბელარუსი ხალხის გვერდით დგას, ევროპის დედაქალაქებში სოლიდარობის აქციები იმართება. 

ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დგას.

"ალექსანდრ ლუკაშენკოს ეგიტიმურობა ეჭქვეშ დგას. სავსებით შესაძლებელია ბელარუსისთვის სანქციების დაწესება. რუსეთის ინტერესია ბელარუსი მის სატელიტი სახელმწიფოდ დარჩეს. ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი, ასევე ევროკავშირის მიზანია ბელარუსი იყო სტაბილური, დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფო,"- აცხადებს ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

დღის ამბები