20 აპრილი 2024,   14:12
ვრცლად
ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება - სოლიდარობის აქციებს ფრანკფურტში, კიევსა და მოსკოვშიც შეუერთდნენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განხილვას გეგმავენ. ვიდეოკონფერენცია ევროკავშირის საგარეო სამსახურის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მაღალმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, პოლონეთისა და ლიტვის ინიციატივით მოიწვია.

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. სოლიდარობის აქციებს არამხოლოდ მინსკში, არამედ ფრანკფურტში, კიევსა და მოსკოვშიც შეუერთდნენ.

ალექსანდრე ლუკაშენკოს ძალადობის დასრულებისკენ მოუწოდა ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა. ბელარუსში დაკავებული დემონსტრანტების უპირობოდ გათავისუფლება მოითხოვა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც. გერმანიის კანცლერი აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებულ ძალადობრივ ქმედებებს გმობს. ამის შესახებ განცხადება ანგელა მერკელის პრესსპიკერ შტეფან ზიბერტმა გააჟღერა.  

"კიდევ ერთხელ ვგმობთ ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელდა. ანგელა მერკელი გმობს დემონსტრანტების დაკავებას. კანცლერი ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ მშვიდობიან პროტესტზე დაკავებული პირები,“ - აცხადებს ანგელა მერკელის პრესსპიკერი, შტეფან ზიბერტი.

თავად ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო კი აცხადებს, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ის ქვეყანაში იმოფება

"დავიწყოთ იმით, რომ ცოცხალი ვარ და საზღვარგარეთ არ ვიმყოფები, როგორც ამას ზოგიერთი მედიასაშუალება ავრცელებს. დღეს 14 აგვისტოა და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს ვმართავ"" - ამბობს ალექსანდრ ლუკაშენკო.

 

დღის ამბები