25 აპრილი 2024,   20:56
ვრცლად
ბელარუსის რესპუბლიკის შიდა საქმეებში გარე ძალების მხრიდან ჩარევის მცდელობა მიუღებელია - ვლადიმერ პუტინი

კრემლი ვლადიმერ პუტინსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც კრემლის პრესსამსახური იუწყება, საუბრის დროს გერმანიისა და რუსეთის ლიდერებმა ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია დეტალურად განიხილეს. 

რუსულმა მხარემ აქცენტი გააკეთა ბელარუსის რესპუბლიკის შიდა საქმეებში გარე ძალების მხრიდან ჩარევის მცდელობის მიუღებლობაზე. თავის მხრივ, გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, განცხადებით, ვლადიმირ პუტინთან საუბრისას ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას მშვიდობიანი დემონსტრაციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობაზე და დაიწყოს ოპოზიციასთან "ეროვნული დიალოგი".

როგორც კრემლი იუწყება სატელეფონო საუბრის ინიციატივა გერმანულმა მხარემ გამოთქვა.

დღეს ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. ვიდეოჩანაწერში მან პატიმრობაში მყოფ მეუღლეს, ბლოგერ სერგეი ტიხანოვსკის დაბადების დღე მიულოცა. მიმართვისას სვეტლანა ტიხანოვსკაია თავისი ქმრის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს სპეცსამსახურების მიერ გაყალბებულს უწოდებს. 

"მთელი ეს აღმაშფოთებელი უსამართლობა და უკანონობა გვაჩვენებს, როგორ მუშაობს ჩამპალი სისტემა, სადაც ყველაფერს ერთი ადამიანი აკონტროლებს. უკვე 26 წელია, ერთ ადამიანს მთელი ქვეყანა შიშში ჰყავს, ერთმა ადამიანმა ბელარუსებს თავიანთი არჩევანი მოჰპარა," - ამბობს ტიხანოვსკაია

დღის ამბები