24 აპრილი 2024,   19:43
ვრცლად
სასტუმრო ბიზნესში ჩართული კომპანიებისთვის სესხის თანადაფინანსების პროგრამა ერთი წლით გაგრძელდება

სასტუმრო ბიზნესში ჩართული კომპანიებისთვის სესხის თანადაფინანსების პროგრამა ერთი წლით გაგრძელდება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

პრემიერის ინფორმაციით, იმ კომპანიებისთვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს, 6 თვის განმავლობაში გამხდარიყვნენ აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარები, შესაძლებლობის ფანჯარა 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე გაეხსნება.

"დღეს ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, სესხის თანადაფინანსების სუბსიდირების საპროცენტო განაკვეთის პროგრამა 6-დან 12 თვემდე გავაგრძელოთ ერთი წლით, რაც არის ერთადერთი შესაძლებლობა, სექტორს დავუდგეთ გვერდით, რადგან მოგეხსენებათ, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები ფრთხილად, მაგრამ ოპტიმიზმის შესაძლებლობას გვაძლევს, ტურიზმის სექტორი არის ის სექტორი, რომელიც ჯერ კიდევ სერიოზული წნეხის ქვეშაა. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამ სექტორს მივეხმაროთ.

იმ კომპანიებისთვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს, 6 თვის განმავლობაში გამხდარიყვნენ აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარები, შესაძლებლობის  ფანჯარა გაიხსნება ერთი თვით, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე. დამატებით ექვსი თვის კომპონენტში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ყველა კომპანიას, თუნდაც მას ჯერ არ მიუღია ამ კომპონენტში მონაწილეობა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები