19 აპრილი 2024,   05:37
ვრცლად
ევროკავშირში იყო მწვავე შეფასებები საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი, მაგრამ ამავე დროს იყო მხარდაჭერა ხალხისადმი - რომან გოცირიძე

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ანგარიშს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციის შეფასებით, დოკუმენტში კვლავ არის საუბარი საქართველოში არსებულ არაერთ პრობლემაზე, მათ შორის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე, ამომრჩევლის მოსყიდვაზე თუ ძალადობაზე.

მათივე თქმით, საქართველოში ოლიგარქიული მმართველობაა და მთავრობას არსებული რეალობის გათავისებისკენ მოუწოდებენ.

"პირდაპირ არის ჩამოთვლილი, რა არ უნდა მოხდეს ამ არჩევნებზე. ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვციტირებ - ეს არის ამომრჩეველთა დაშინება, მოსყიდვა, ძალადობის შემთხვევის არ გამოძიება და არავის არ დავიწყებია კორცხელი და თუნდაც წინა არჩევნებზე მომხდარი ცემა-ტყეპა. ეს არის საჯარო მოხელეებზე ზეწოლა და ზოგადად ზეწოლა ამომრჩევლებზე. მე ვურჩევ "ქართული ოცნების" ლიდერებს, რომ გუშინდელივით არ დაიწყონ ტყუილების ბრახა-ბრუხი. თვალი გაუსწორო რეალობას," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანმა გიორგი კანდელაკმა.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით კი, ევროკავშირი ქართველ ხალხს მხარს უჭერს. 

"როდესაც ხელისუფლების დარღვევებზე მიუთითებენ, მიუთითებენ იმაზე, რომ ოლიგარქიული მმართველობაა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხალხი გაწირონ. ევროკავშირში იყო ძალიან მწვავე შეფასებები საქართველოში მიმდინარე ნეგატიური პროცესებისადმი, მაგრამ ამავე დროს იყო მხარდაჭერა ქვეყნისადმი, ხალხისადმი, რომელიც იმსახურებს მომავალში ევროკავშირის წევრობას," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

განსხვავებული პოზიცია აქვთ უმრავლესობაში. ევროპარლამენტის ანგარიშს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძის თქმით, დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მკაფიოდ განაგრძობს, რაც ევროკავშირის კანონმდებლობასა და სტანდარტებთან დაახლოებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, 552-ით 61-ის წინაღმდეგ - ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიში მიიღო. ევროპარლამენტარები თვლიან, რომ დემოკრატიზაციის მისწრაფებაში საქართველოს ძალისხმევა პროგრესული და დასაფასებელია.

დღის ამბები