20 აპრილი 2024,   02:21
ვრცლად
სახელმწიფოს რაგბის კავშირში ჩარევის საშუალება მე მივეცი, რადგან ჩვენი ყველაზე დიდი პარტნიორი სწორედ სახელმწიფოა - გოჩა სვანიძე

რა ვერ გაიყო ქართული რაგბის სამყარომ და რა დაპირისპირებაზე საუბრობდა "ფეისბუკ" გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი, ამაზე რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. გოჩა სვანიძე აცხადებს, რომ რამაზ ხარაზიშვილი ახლა ალბათ ეიფორიაშია და არ იცის რას ამბობს. 

"რამაზ ხარაზიშვილი ახლა ალბათ ეიფორიაშია და თავი გმირად წარმოუდგენია, შესაბამისად, კონტროლიდან გაექცა თავისი სიტყვები. ძალიან არ მესიამოვნა მისი ეს განცხადება, რადგან მასზე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა ამ დრომდე, როგორც მოთამაშეზე. როდესაც ადამიანი თავისი ადგილიდან გამოდის და ცდილობს სხვა როლი მოირგოს და მერე აკეთოს განცხადებები თუ ამისთვის მზად არის. რომელ კლანურ მმართველობაზეა საუბარი, მას ვურჩევდი რომ ცოტა დაფიქრდეს ამის თქმამდე. ის წარმატება, რომელსაც რაგბის კავშირმა ბოლო 20 წლის მანძილზე მიაღწია, 4 პრეზიდენტის ხელშია გამოვლილი,"- განაცხადა გოჩა სვანიძემ. 

რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ დატოვა გოჩა სვანიძემ რაგბის კავშირის პოსტი - ის აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღებაში ბევრი ფაქტორი დაეხმარა. 

"ის, რაზეც თვითმარქვია ჯგუფმა ახლა საუბარი კლანებზე დაიწყო, მათ უნდა დაასახელონ კონკრეტულად სად არის და რას ნიშნავს ეს კლანი. მე შეგნებულად ჯერ ხმას არ ვიღებ, რადგან მივეცი საშუალება ჩემზე ბრალმდებლებს დოკუმენტებზე ემუშავათ. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. მოდით დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებებს მერე ვისაუბროთ გაფლანგულ თუ მითვისებულ თანხებზე,"- აცხადებს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი.

აღსანიშნავია, რომ გოჩა სვანიძეს ოპონენტები ბრალს რაგბის კავშირისთვის ვალის დატოვებაში სდებენ, საუბარია 3 მილიონზე მეტ ლარზე. ამ საკითხზე რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ორგანიზაცია, რომელიც გაჩერდება, ასეთ კომპანიას ვალი აუცილებლად დაუგროვდება. თუმცა, ამავდროულად, გოჩა სვანიძე აცხადებს, რომ რაგბის კავშირში ძალიან მართვადი და მარტივი სიტუაციაა ამ მიმართულებით. 

გოჩა სვანიძე იმაზეც საუბრობს, რომ ამ ეტაპზე რაგბის კავშირს შემოსავლები აღარ აქვს. 

"ამ ეტაპზე რაგბის კავშირს შემოსავლები აღარ აქვს, თუმცა გამოუვალი სიტუაცია არ არის. მათ უბრალოდ ყვირილი სურთ, რადგან არჩევნებშიც გამოჩნდეს, რომ რაგბში დაპირისპირებაა. 

ერევა თუ არა სახელმწიფო რაგბის კავშირის საქმიანობაში - ამ შეკითხვაზე გოჩა სვანიძემ აღნიშნა:

"როდესაც ასე ძალიან გინდა, სახელმწიფო ჩარიოს რაგბის კავშირის საქმიანობაში, როდესაც შიდა რესურსი არ გყოფნის იმისათვის, რომ არჩევნებში გაიმარჯვო, ბუნებრივია ამ შემთხვევაში სახელმწიფო ჩაერევა. ოპონენტების ასეთი აჟიოტაჟის შემდეგ, სახელმწიფო დაინტერესდა, თუ რა ხდებოდა რაგბის კავშირში დეტალურად და მე მათ ჩარევის საშუალება მივეცი, რადგან ჩვენი ყველაზე დიდი პარტნიორი სახელმწიფოა. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო აქ არსებულ პრობლემებში კარგად უნდა გაერკვეს, იქ დასამალი არაფერი არ არის," - აცხადებს გოჩა სვანიძე. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები