დეპუტატმა და საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების 15 გზის კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ "დღის კურიერის" ეთერში, რაგბის კავშირში მომხდარ ინციდენტსა და არსებულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა, რომ რაგბის კავშირში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, საფრთხე ნაკრების მონაწილეობას 8 ერში არ ემურება.
"არ მგონია ამ ეტაპზე ამის საფრთხე იყო, მაგრამ ჩვენ ჩვენი ნაკრების წევრებს უნდა დავეხმაროთ რომ წარმოაჩინონ ჩვენი ქვეყანა და მათი შესაძლებლობები. რაღაც ჯგუფების გამო, ქართული რაგბი არ უნდა დაზარალდეს,"- აცხადებს ირაკლი აბუსერიძე.
ხდება თუ არა ირაკლი აბუსერიძის ჩართულობით, სახელმწიფოს მხრიდან რაგბის კავშირზე ზეწოლა - აღნიშნულს აბუსერიძე უარყოფს და მზად არის ყველ კითხვას პასუხი საჯაროდ გასცეს.
"არანაირი პოლიტიკური ძალა არ მქონდა მაშინ, როდესაც 2000 წლიდან 2013 წლამდე ვიყავი მოთამაშე და გუნდის კაპიტანი. რაც შეეხება დაფინანსების გამოყოფას რაგბის კავშირისთვის, მე მინდა ჩვენს პრემიერს მადლობა გადავუხადო, რომელმაც 31 კლუბის მოთხოვნა დააკმაყოფილა. დამისახელონ არგუმენტი, სად ჩაერია სახელმწიფო, ან რა ზეწოლას ვახორციელებდი მე პირადად. მზად ვარ, ნებისმიერ კითხვაზე საჯარო პასუხი გავცე,"- აცხადებს ირაკლი აბუსერიძე.