არასამთავრობო ორგანიზაციამ "ერთად არჩევნებისთვის" წინასაარჩევნო პერიოდის პირველი შუალედური ანგარიში წარადგინა.
დოკუმენტში ასახულია 3- 18 სექტემბრის წინა საარჩევნო პერიოდის დარღვევები. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის ახალი რეკომენდაციები გასცეს.
ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიხეილ ჭიღლაძემ "პატრიოტთა ალიანსის" მხრიდან გავრცელებულ სააგიტაციო ვიდეორგოლზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ომისა და ძალადობის პროპაგანდას შეიცავს, რაც დაუშვებელია.
"ფეისბუქ გვერდზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მიერ ატვირთულ იქნა ვიდეო სახელწოდებით "დაიცავი აჭარა." ჩვენი შეფასების შედეგად, გამოვლინდა, რომ ვიდეო შეიცავდა ომისა და ძალადობის პროპაგანდას. არ შეიძლება სააგიტაციო მასალა შეიცავდეს ძალადობის და ომის პროპაგანდას, დაშინებას, მუქარას, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას,"-განაცხადა მიხეილ ჭიღლაძემ.
ორგანიზაციის წარმომადგენელმა მერი კაპანაძემ საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწოდა ინტენსიურად წარიმართოს ტრენინგები ადმინისტრაციის კომისიის წევრებისათვის მიუკერძოებლობისა და ნეიტრალურობის შენარჩუნების კუთხით.
"ჩვენ რეკომენდაციები გვაქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, რომ ინტენსიურად წარიმართოს ტრენინგები საოლქო და საუბნო ადმინისტრაციის კომისიის წევრებისათვის, რომ მათი მხრიდან მოხდეს ნეიტრალურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა. ასევე, აწარმოონ აქტიური კამპანია ჩართული მხარეების ინფორმირების მიზნით წინასაარჩევნო კამპანიის წესებთან დაკავშირებით, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების თაობაზე,"-განაცხადა მერი კაპანაძემ.