კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში 32 მილიონს აღწევს - პანდემიამ 970 000 პაციენტი იმსხვერპლა, 65 000 კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
კორონავირუსი დაუდასტურდა ათონის მთაზე რვა ბერს. ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული სასულიერო პირი წმინდა პავლეს სახელობის მონასტრიდან სალონიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა.
COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის ზრდის გამო, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ შეზღუდვების შემსუბუქება მცდარი გადაწყვეტილება იყო. ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პანდემიის შედეგად დაზარალებულ ქვეყნებს შორის ჩეხეთი ამჟამად ევროპაში მეორე ადგილზეა.
მადრიდის რეგიონული ხელისუფლება კი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად არმიის დახმარებას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ მადრიდის რამდენიმე რაიონში კარანტინი გამოცხადდა, რაც 850 000-მდე ადამიანს შეეხო. ბოლო რამდენიმე დღეა, ესპანეთში კორონავირუსის ყოველდღიური მაჩვენებელი 10 000-ს აღემატება.
პანდემიის გამო ვითარება სულ უფრო მძიმდება დიდ ბრიტანეთში - გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სამეცნიერო მრჩეველი სერ პატრიკ ველენსი აცხადებს, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში, შესაძლოა კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 50 000-ს შეადგენდეს.