"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარების სია ცნობილია. როგორც პარტიაში აცხადებენ, მათ კანდიდატების არჩევის მთავარი კრიტერიუმები საქმისადმი პასუხისმგებლობა და გამოცდილება იყო.
როგორც თავად აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობის" მთავარი მიზანი "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა, ამიტომ მზად არიან პარტიაში მიიღონ ნებისმიერი საერთო ინტერესების მქონე ადამიანი.
რაც შეეხება გამარჯვების შანსებს, მმართველი გუნდის ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ.
"ჩვენს თაობას აქვს შანსი, რომ პრობლემების ნახევარი გადავუჭრათ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს, ვფიქრობ ეს მისიაც აქვს წლევანდელ არჩევნებს. 31 ოქტომბერი არ არის რიგითი არჩევნები, ეს არის არჩევნები, რომელმაც კვლავ უნდა გაგვიყვანოს განვითარების გზაზე," - განაცხადა პარლამენტის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბლოკიდან "ძალა ერთობაშია" ნიკა მელიამ.
"ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თავის ოლქში მოიგებს და დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს და დატოვებს "ქართული ოცნების" მთელ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც არც არის პოლიტიკური გუნდი, ეს ადამიანები იქნებიან ჩვენთან ბლოკში," - აღნიშნა პარლამენტის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბლოკიდან "ძალა ერთობაშია" ხატია დეკანოიძემ.
"საზოგადოებას საკმაოდ ძლიერ, გამოცდილ გუნდს ვთავაზობთ, რომელიც ცნობილია საზოგადოებისათვის. ზოგიერთი მათგანი პირველ ნაბიჯებს დგამს პოლიტიკაში, თუმცა რეგიონებში გვყავს ისეთი ძლიერი გუნდი, მათ არ გაუჭირდებათ პოლიტიკაში შესვლა, სწრაფი ნაბიჯების გადადგმა," - აღნიშნა პარლამენტის დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბლოკიდან "ძალა ერთობაშია" ლევან ბეჟაშვილმა.
თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან "ძალა ერთობაშია" გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ მათ წარადგინეს გუნდი, რომელიც ქვეყნის განვითარებას შეძლებს.
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან "ძალა ერთობაშია" გიორგი კაპანაძე კი აცხადებს, რომ მთელ მის ენერგიას და გამოცდილებას მოახმარს, რომ ყველამ ღირსეული არჩევანი გააკეთოს.